მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს მელიორაცია“ წელს ₾100.9 მლნ-ის 52 პროექტის დაწყებას გეგმავს

6423ffd33a238
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.23 13:10
632
„საქართველოს მელიორაცია“ მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით, 100.9 მლნ ლარის ღირებულების 52 სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას გეგმავს.

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომპანიის 2022 საქმიანობის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

კომპანიის დირექტორმა უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის აღნიშნული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.
„კომპანია 2023 წელსაც აქტიურად აგრძელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, 61.5 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. კომპანიის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამოქმედო გეგმით, წელსვე დაგეგმილია 52 პროექტის დაწყება, ჯამური ღირებულებით 100,9 მლნ ლარი. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სრულად განხორციელების შედეგად, რეგულარულად, დამატებით, 14 570 სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, წყლის მიწოდება 22 865 ჰექტარზე გაუმჯობესდება, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 905 ჰექტარით გაიზრდება“, - ნათქვამია „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გარვცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ნასარიძემ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების დინამიკას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მიღებული შედეგები ხელშესახები და შთამბეჭდავია.

აღსანიშნავია, რომ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, წყალუზრუნვეყოფილი ფართობი 45 000 ჰექტარიდან 164 000 ჰექტარამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14 000-დან 44 000 ჰექტარამდეა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები