მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი 2024 წლიდან მელიორაციის რეგულირებას იწყებს - რაზე მუშაობს მარეგულირებელი?

6482fae7af63c
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.23 21:14
668
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის სექტორის შემდეგ, 2024 წლიდან მელიორაციის მიმართულების რეგულირებას იწყებს.

აღნიშნულ საკითხზე გადაცემა #რედაქტ2-ში სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა გიგა ნადირაძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მარეგულირებლის კომპეტენციაში ირიგაციაში მორწყვის ტარიფების დადგენა, მომსახურების პირობების განსაზღვრა და დავების განხილვა შევა.

„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ 2020 წელს ამოქმედდა კანონი, რომლის ძირითადი მიზანი ამ დარგში არსებული პოლიტიკის და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაა. ამავე კანონშია ჩანაწერი მარეგულირებლის შესახებ თუ რა ფუნქციები აქვს მას. დღეს ქვეყანაში მელიორაციის სისტემებისა და აგროკულტურების სწრაფი ტემპით განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე, სემეკის მიერ დარგის რეგულირების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ კომისიას მიეცა 4-წლიანი ვადა, რათა შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტები მომზადებულიყო. მარეგულირებლის როლზე საუბრისას ირიგაციის სექტორში ორი ძირითადი მიმართულებაა. პირველი - ტარიფებია, ანუ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ტარიფები და უნდა მოხდეს სატარიფო მეთოდოლოგიის შემუშავება; როდესაც მომხმარებლებისთვის შესაბამისი სატარიფო მეთოდოლოგიის შემუშავებასა და მომხმარებლისთვის სატარიფო გადასახადის დაწესებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ამ გადასახადის უკან კონკრეტული პირობები იდგას თუ რა სერვისს სთავაზობს მომხმარებელს კომპანია და რა არის მათი ვალდებულება. ერთია რომ ჩვენ დავადგენთ ტარიფს და შესაბამის მეთოდოლოგიას და მეორე იქნება წესები, რომელიც მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს“, - განაცხადა ნადირაძემ.

წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, მსოფლიოში ირიგაციის სექტორისთვის დამოუკიდებელი მარეგულირებლის მიერ ტარიფების დადგენის პრაქტიკა ძალიან მცირეა, თუმცა სემეკი უცხოელ კოლეგებთან ინტენსიურად თანამშრომლობს და მათი გამოცდილების მაქსიმალურად გაზიარებას ცდილობს.

დოკუმენტაციაზე მუშაობის პროცესში კი მსოფლიო ბანკის ექსპერტები არიან ჩართულები. კითხვაზე - როდის დასრულდება დოკუმენტაციაზე მუშაობა და როდის დადგინდება ირიგაციის ტარიფები, გიგა ნადირაძე პასუხობს: „სემეკისთვის მიცემული ოთხწლიანი პერიოდი დოკუმენტების მომზადებაზე დაიხარჯა. ამ წესების დასრულების დასკვნით ეტაპზე ვართ. პერიოდულად მიმდინარეობდა კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან და ვფიქრობთ, აგვისტოში ორივე წესის [ტარიფების დადგენის და მომსახურების პირობების დარეგულირების] საბოლოო ვერსია გვექნება დამტკიცებული. ამის შემდეგ აუდიტის პროცესი განხორციელდება, სატარიფო ხარჯებს შევისწავლით, წლის ბოლოს კი ტარიფები დამტკიცდება, რომელიც მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება“, - განაცხადა სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები