მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ ჩატარდება - სეს

სეს

რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ერთიან ელექტრონულ ბაზაში მათ რეგისტრაციასა და ჩიპირებას უზრუნველყოფენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის კოორდინაცია და მუდმივი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

"ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრულია როგორც უპატრონო/მიკედლებული, ასევე პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ჩიპირება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ძუ ძაღლების სტერილიზაცია, რასაც სააგენტოსთან ერთად კერძო ვეტერინარული კლინიკები უზრუნველყოფენ. პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა", - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი, ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტისა და ჰიპერპოპულაციის პროგრამაში ჩართული ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობამ შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის, კასტრაციისა და მოშენების წესებში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებები შეეხება როგორც ცხოველების სტატუსების განსაზღვრას, ისე სტერილიზაციის ვადებსა და მოშენების პირობებს.

განახლებული რედაქციით, ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს შინაური ბინადარი ცხოველების მათ შორის პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო და უმეთვალყურეო ძაღლებისა და კატების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებსა და ვადებს. დადგენილების მიხედვით, სანაშენე ცხოველი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ სავალდებულოდ დაექვემდებარება სტერილიზაციას ან კასტრაციას.

ამასთან, ცხოველის მეპატრონე ვალდებული იქნება სტერილიზაციის/კასტრაციის ვადის დადგომამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს, რათა ცხოველი საგამოფენო სტატუსით დარეგისტრირდეს. თუ რეგისტრაციიდან ორი წლის განმავლობაში მეპატრონე ვერ წარადგენს ცხოველების გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, მას საგამოფენო სტატუსის მოხსნა და მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები