საქართველოში, რეგიონებში "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია, Facebook-ჯგუფში "დაიტოვე" ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციას კახეთის რეგიონი, კერძოდ თელავი უერთდება. აქცია 7 მაისს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.
თელავში მცხოვრები ახალგაზრდები, ერეკლე მეფის ძეგლთან შეიკრიბებიან და მთავრობას ხელახლა ინიცირებული ე.წ. რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს შეუშლის. ახალგაზრდები საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია მათ მეტი ადამიანი შეუერთდეს, რომ მთავრობას ხმა თელავიდანაც გააგონონ.
გარდა კახეთისა, საპროტესტო აქციაში ჩაერთო ბორჯომიც. 8 მაისს, 17:00 საათზე, ბორჯომში, წმინდა ნინოს ქუჩა #3 -ში(ყოფილ გამგეობასთან) საპროტესტო აქცია გაიმართება. მოსახლეობა საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს, რომ ადგილზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს, რათა მთავრობას ხმა გააგონონ.
მოქალაქეები გორში, გორის ციხის გმირთა მემორიალთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
საპროტესტო აქცია გრძელდება ქუთაისში. 7 მაისს, 18:00 სთ-ზე შეკრება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები, მსვლელობით ქუთაისის მერიისკენ გაემართებიან. ორგანიზატორები მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ ცვალებადი ამინდიდან გამომდინარე, ადგილზე საწვიმრებსაც დაახვედრებენ.
"7 მაისს, 18:00 სთ-ზე გელოდებით ცენტრალურ მოედანზე. ცენტრალური მოედნიდან მსვლელობით გავემართებით "რუსული ოცნების" ოფისთან. ჩავივლით რუსთაველის გამზირს, გადავინაცვლებთ ჯავახიშვილის ქუჩით ბუხაიძის ქუჩაზე, ავალთ გამსახურდიაზე, აღმაშენებელი-ტაბიძის კვეთით დავბრუნდებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ბოლო გაჩერება - რუსული რეჟიმის ქუთაისის ფილიალი (ქ. ქუთაისის მერია). ცვალებადი ამინდის გამო, დაგახვედრებთ საწვიმრებს. გელოდებით ყველას, ვინც ევროპასა და რუსეთს შორის სწორ არჩევანს აკეთებთ. საქართველო გაიმარჯვებს! ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!", - აცხადებენ ორგანიზატორები.
რაც შეეხება ზუგდიდს, აქ აქცია 18:00 საათზე სკეიტ პარკშია დაგეგმილი.
"რუსული კანონის" წინააღმდეგ 10 მაისს მოქალაქეების შეკრება ბათუმშიცაა დაგეგმილი. თუმცა აქციის დრო და ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.
საპროტესტო აქციას უერთდება ფოთიც. 7 მაისს, 19:00 საათზე, მოქალაქეები 8 აგვისტოს მემორიალთან "რუსულ კანონს" გააპროტესტებენ.
პარალელურად, აქციები გაგრძელდება თბილისშიც. 11 მაისს კი, ევროპის დღეს, დედაქალაქში მასშტაბური მსვლელობა გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ.