„საქართველოს დიდ ქალაქებში შესაბამისი მოცულობის სავაჭრო ცენტრები არ არის, რომელიც გარკვეულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, - ამის შესახებ BM.GE-სთან ევროპული ტანსაცმლის ფრენჩაიზ ოპერატორი კომპანიის „სინომი რითეილი“ დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.
აღსანიშნია, რომ კომპანიას საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების წარდგენის 12-წლიანი ისტორია აქვს და 22 საერთაშორისო ბრენდსა და 70 მაღაზიას აერთიანებს.
„სინომი რითეილი“ დირექტორის ინფორმაციით, რეგიონებში არსებული სავაჭრო ცენტრები დაახლოებით 8000-1000კვ.მ მოცულობისაა, რაც დიდი ბრენდების განსათავსებლად საკმარისი არ არის.
„ბრენდები, რომლებიც ქვეყანაში შემოგვყავს, დიდი ფორმატის არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო დიდ სივრცეს საჭიროებენ. მათი ყველაზე მცირე მოცულობა, 800 კვ.მ-დან იწყება.
კომპანია ახალ ბრენდებთან მოლაპარაკებებს მუდმივად აწარმოებს. არიან ბრენდები, რომლებთანაც წლებია ვსაუბრობთ, მათ შორისაა ერთ-ერთი მულტიბრენდული სპორტული მაღაზია, რომელთანაც ყველა საკითხი შეთანხმებულია. თუმცა, მათი მოთხოვნა 3000 კვ.მ-ია და შესაბამისად, ამ ეტაპზე მათი შემოყვანა ვერ ხერხდება.
სავარაუდოა, რომ 3-4 წელიწადში, ახალი სავაჭრო სივრცეები შეიქმნება და შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება ახალი ბრენდების ქვეყანაში შემოყვანა“, - აცხადებს მაღალაშვილი.
მისი ინფორმაციით, საქართველოში მოდის რიტეილის სფეროში წამყვანმა კომპანიამ, გასულ წელს ბათუმში, „გრანდ მოლში“ 10 წამყვანი საერთაშორისო ბრენდის მაღაზია გახსნა. სავაჭრო ცენტრში, ოქტომბერში 9 საერთაშორისო ბრენდი, ხოლო ნოემბერში რეგიონში ყველაზე დიდი, უახლესი კონცეფციის Zara-ს მაღაზია გაიხსნა, რომლის შედეგებიც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა.
"გრანდ მოლში" გახსნილი მაღაზიები ინდიკატორი იქნება იმისა, თუ რამდენად შესაძლებელია რეგიონში რიტეილ სექტორის განვითარება. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციალი აღმოჩნდება, შესაძლოა, ახალი მოლის ან "სთრით რითეილის" სახით მაღაზიების რაოდენობა გაიზარდოს", - აღნიშნა მაღალაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ევროპული ტანსაცმლის ფრენჩაიზ ოპერატორი კომპანია „სინომი რითეილი“ საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია საქართველოში 22 ბრენდითა და 70 მაღაზიითა წარმოდგენილი. როგორიცაა Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith და ა.შ.
საერთო ჯამში, ჯგუფს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში 80-მდე ბრენდი აქვს და კავკასიის რეგიონში, ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც 10 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის საქართველოში.