მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონში განვითარებული მოვლენები ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება - კობახიძე

კობახიძე ფაშინიანი

ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, – ამის შესახებ „ოცნების“ მთავრობაში პრემიერმა ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანითან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხზე. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ისე განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებს.

„მსურს კიდევ ერთხელ მივესალმო ჩემს სომეხ კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის დელეგაციას საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ შესაბამისი მთავრობების წარმომადგენლები, მინისტრები. შედგა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, საქართველო-სომხეთს შორის მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს და ამ კუთხით სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი ფორმატები, რაც დადებითად აისახება ჩვენი პარტნიორობის განვითარებაზე. სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში. რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას სომხეთიდან საქართველოში, ამ თვალსაზრისით, სომხეთი მთავარ სამეულშია. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიღმა, ჩვენს გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, ხალხთაშორისი ურთიერთობები, სტრატეგიული მიმართულებები. ამ ყველაფრის ფონზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ყველა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება. მოხარულნი ვართ იმ ტენდენციებით, რომლებიც განვითარდა ბოლო დროის განმავლობაში ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თქვენსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ყველაფერი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებაზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში თქვენი პირადი წვლილისთვის. ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა ეფუძნება ისტორიულ მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებს. კობახიძემ სომხურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ინტერესების, მათ შორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე გაეროში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

ბრიფინგის დასასრულს ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები