იურიდიული კომპანია „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის“ პარტნიორისა და სამართლის დოქტორის განცხადებით, საქართველოს რეგიონის მასშტაბით ინვესტორებთან მიმდინარე ყველაზე მეტი საარბიტრაჟო დავა აქვს, რაც როგორც ფისკალურად, ასევე რეპუტაციულად არაერთი რისკის შემცველია. ამის შესახებ ოთარ მაჩაიძემ BMG-ის საარბიტრაჟო დავების საკითხის შეფასებისას განუცხადა.
საქართველოსთვის საარბიტრაჟო დავები კვლავ აქტუალურია. აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ძალაში დარჩა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველომ რუსულ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. შედეგად, საქართველოს ბიუჯეტმა რუსულ ენერგოკომპანიას 76-მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
განსხვავებით ამ დავისგან, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ორივე საარბიტრაჟო დავა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს უკავშირდებოდა. თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც ირკვევა, აღნიშნულ საქმეზე მხოლოდ იურისტების დაქირავება სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარი დაუჯდა.
იურიდიული კომპანიის პარტნიორის მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიმართ ინვესტორის მხრიდან მრავალწლიან და მრავალმილიონიან დავის დაწყება იმაზე მიუთითებს, რომ აქ ინვესტორი კომფორტულად და დაცულად თავს ვერ გრძნობს და შესაბამისად მიმართავს იმ საერთაშორისო მექანიზმებს, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ უშუალოდ სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტებით არის გათვალისწინებული.
"შესაბამისად, როდესაც ასეთი დავების სიმრავლეზე ვსაუბრობთ, ცხადია, არცერთი სახელმწიფოს კარგ რეიტინგზე და კარგ რეპუტაციაზე ეს არ მიუთითებს. რეგიონალურ ჭრილში თუ შევხედავთ, ყველაზე ბევრი დავა საქართველოს ჰქონდა. შესაბამისად, ცხადია, ეს არ არის კარგი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისთვის. გასულ წელს, ვაშინგტონის არბიტრაჟში მიმდინარე დაახლოებით ხუთი-ექვსი დავა იყო, რაც საჯაროდ იყო ცნობილი, აქედან რამდენიმე უკვე დასრულდა. თუმცა რეგიონის მასშტაბით ყველაზე მეტი მიმდინარე დავა როდესაც გაქვს, ეს საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლება, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ“, - განაცხადა ოთარ მაჩაიძემ.
რაც შეეხება დაკისრებულ თანხებს, მისი თქმით, ესეც გარკვეულწილად რისკის შემცველია, რადგან მაგალითად, ENKA-ს შემთხვევაში თითქმის მილიარდ ლარამდე არის საუბარი.
"ასევე Inter Rao-სთან დაკავშირებულ კომპანიებთან დაკავშირებით არის ერთი გადაწყვეტილებით საქართველოსთვის 76 მილიონია დაკისრებული, ხოლო მეორე გადაწყვეტილებით 112 მილიონია. ასევე იყო ანაკლიის პორტის პროექტის ორი დავა, სადაც ერთი კონტრაქტუალური დავა იყო, მეორე ინვესტორთან დაკავშირებული. სახელმწიფომ ამ შემთხვევაში მოიგო, თუმცა როდესაც სიმრავლეზე ვსაუბრობთ და იმ ხარჯებზე, რომელსაც სახელმწიფო რესურსს უწევს, ცხადია, ეს არ არის კარგი სახელმწიფოსთვის და გადასახადის გადამხდელებისთვის, რომლის ჯიბიდანაც საბოლოო ჯამში ხდება თანხების ანაზღაურება“, - განაცხადა ოთარ მაჩაიძემ.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მსხვილი საარბიტრაჟო დავა საქართველომ გასულ წლის ბოლოს წააგო. კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო.
ცნობისთვის, როგორც „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული, 2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო $3.3 მილიარდის საარბიტრაჟო დავებშია ჩართული.




























