მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონულ განვითარებასთან კავშირი არ აქვს, შიდა კარის საკადრო გადაადგილებებია - თენგიზ შერგელაშვილი

თენგიზ შერგელაშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე (2012-2014 წლებში), საქართველოს განვითარების პლატფორმა” თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს დაანონსებულ ახალი სამინისტროს შექმნასა და საკადრო გადაადგილებებს რეგიონულ განვითარებასთან კავშირი არ აქვს და პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება.

საქმე ისაა, რომ როგორც დღეს გახდა ცნობილი, "ქართული ოცნება" რეგიონული განვითარების სამინისტროს ქმნის, რომელსაც სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს.

თენგიზ შერგელაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ ბევრ ქვეყანაში რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბება ევროკავშირთან დაახლოებას ემსახურებოდა, ჩვენს შემთხვევაში კი, როდესაც დასავლეთთან ურთიერთობა გაფუჭებულია, ეს არგუმენტი დღის წესრიგში არაა.

"ამას რეგიონულ პოლიტიკასთან, განვითარებასთან კავშირი არ აქვს, შიდა კარის საკადრო გადაადგილებებია. ზოგადად, რეგიონული განვითარების სამინისტრო ბევრ ქვეყანაშია ცალკე, მაგრამ სამინისტრო კი არაა აქ მთავარი, სწორი პოლიტიკა, დეცენტრალიზაციის რეფორმა, ევროკავშირის რეგიონულ პოლიტიკასთან დაახლოება, თავისთავად ამ სამინისტროს ბევრი ამოცანა შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ეს [ცვლილებები] მაგასთან არაფერ კავშირშია, ესაა შიდა გადაჯგუფება რაღაც კონკრეტული პოლიტიკური ამოცანებით შესაბამისად აქ არააქტუალურია კლასიკური კომენტარები, რომლებიც რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე არსებობას შეიძლება ეხებოდეს, რადგან დღის წესრიგში სულ სხვა თემები დგას.

ძალიან ბევრ ქვეყანაში რეგიონული განვითარების სამინისტრო ცალკე სწორედ იმიტომ შეიქმნა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებდნენ, რომ ჰქონოდათ ევროკავშირის სხვადასხვა დაფინანსებასთან უფრო მეტი წვდომა და გამოეყენებინათ, შესაბამისი ინსტრუმენტები შეექმნათ და ა.შ. ამასთან, არაა რაიმე წინსვლა, რომელიც რეგიონული პოლიტიკის ინსტრუმენტების გაძლიერებას გამოიწვევს ან ხელისუფლების დეცენტრალიზაციას, სინამდვილეში პოლიტიკაში გვაქვს ან გაყინული სიტუაცია ან უკუსვლა, ახლა გინდ სამინისტრო შექმნა და გინდ დეპარტამენტი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის კონკრეტულად სამი გვარი ვინც ფიგურირებდა საკადრო გადაადგილებაში, მათი კონტექსტი და სისტემურ მიდგომასთან კავშირი არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა ჯერ გეგმა, რა უნდა გააკეთოს ამ სამინისტრომ და მერე იქნებოდა საკადრო გადაწყვეტილება, აქ კი მხოლოდ საკადრო გადაწყვეტილება იყო. შეიძლება ეს რაღაც კავშირში იყოს [თვითმმართველობის] არჩევნებთანაც, ბევრი მხარეა, შეიძლება ეს იყოს ვიღაცის შესუსტება ან პირიქით, მომზადება რაღაც სხვა გაძლიერებისთვის", - ამბობს თენგიზ შერგელაშვილი.

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა და ხარჯეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება.

„ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამმა, თბილისის გარეშე, 4 მილიარდს გადააჭარბა. ეს, ერთი მხრივ, ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული. ამდენად, რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვასა და მონიტორინგს ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება",- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები