საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2025 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 643 მილიონი ლარის ღირებულების 1 195 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამები შეუფერხებლად მიმდინარეობდა, ხოლო მიმდინარე წელს დაგეგმილია დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
„შეუფერხებლად ხორციელდებოდა რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელება. რეგიონული განვითარების ფონდიდან 2025 წელს განხორციელდა 643 მილიონი ლარის ღირებულების 1 195 ინფრასტრუქტურული პროექტი და მიმდინარე წელს დაგეგმილია არანაკლებ 454 მილიონი ლარის ღირებულების არანაკლებ 863 პროექტის განხორციელება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებას. მისი თქმით, 2025-2026 წლებში ამ ტერიტორიებზე 54 პროექტის განსახორციელებლად 20 მილიონი ლარი გამოიყო.
ასევე, გაგრძელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება. კობახიძის განცხადებით, 2025-2026 წლებში პროგრამის ფარგლებში ჯამურად 82 მილიონი ლარი გამოიყო და დასაფინანსებლად დაახლოებით 7 800 პროექტი შეირჩა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ინტერნეტიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე. მისი თქმით, აშენდა 450 კილომეტრი ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურა, მათ შორის ჯვარი-მესტიისა და ზუგდიდი-ხობის მონაკვეთები.
მისივე განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა მოიცავს 410 დასახლებულ პუნქტს და დაახლოებით 215 ათას მოსახლეს.




























