"ოცნების" მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთმანეთისგან განცალკევდება, სამინისტროს თანამშრომლები ორ ახალ უწყებაში გადანაწილდებიან. ამის შესახებ ბაჩიაშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხილვისას ისაუბრა.
"წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია რეგიონული და ინფრასტრუქტურის მიმართულებების გაყოფა და, შესაბამისად, უფლებამონაცვლეები, შესაბამისი დარგების მიხედვით გახდებიან ახლად შექმნილი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.
ამავდროულად, მოხდება სამინისტროში არსებული თანამშრომლების გადანაწილება მათი არსებული კვალიფიკაციის და კომპეტენციის გათვალისწინებით, ახლად შექმნილ ერთ ან მეორე სამინისტროში. ამისათვის, მოქმედ სამინისტროში შეიქმნა კომისია, რომელიც თანამშრომლების განაწილებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
პარლამენტში დღეს რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაზე მიმდინარეობს დისკუსია. "ქართული ოცნების" ინიციატივით, ეს ორი მიმართულება გაიყო, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელად ირაკლი ქარსელაძე დარჩება, რეგიონული განვითარების მინისტრი კი კახაბერ გულედანი იქნება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების სამინისტრო გამოეყოფა - რა იქნება ბიუჯეტი?
ვინ არის და რა ქონებას ფლობს კახა გულედანი, რომელიც რეგიონული განვითარების მინისტრი იქნება?




























