მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირდება თუ არა ზღვაში პარაშუტით ფრენა?

პარაშუტი

გუშინ ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბათუმის შემთხვევაში საქმე გვქონდა, კატერზე გამობმული პარაშუტით ფრენასთან, რა დროსაც ქარის მოულოდნელი ამოვარდნის შემდეგ ფატალური შემთხვევა მოხდა. როგორც გავარკვიეთ, საქმიანობის ნებართვის აღების შემდეგ, ბიზნესოპერატორების შემდგომი კონტროლი აღარ ხდება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გვითხრეს, რომ ეს მათ კომპეტენციას სცდება, ბათუმის მერიაში კი მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ არკვევდნენ, ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მსგავსი საქმიანობის მონიტორინგზე.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ სამაშველო სამსახურია ის რგოლი, რომელიც წესით სერვისის მიმწოდებელ ბიზნესებს უნდა აფრთხილებდეს კლიმატური პირობების ცვლილების, თუ სხვა მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რა გაფრთხილებაც თემურ დიასამიძის ინფორმაციით, გუშინ არ გაკეთებულა.

„რეგულირება ხდება ნებართვის აღების მომენტში, ისე არ არის, რომ ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. როცა იღებ ნებართვას, ასეთი ტიპის საქმიანობა აწარმოო, გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდე, მაგრამ რასაკვირველია სასურველი იქნებოდა კომპეტენტური სამსახური, მაგალითად სამაშველო სამსახური ახდენდეს ამის რეგულარულად გადამოწმებას.

გუშინ ისეთი ფაქტი მოხდა, რისი აცილებაც ცოტათი რთული იქნებოდა. უცებ ამოვარდა ძლიერი ქარი და ასეთი სამწუხარო შემთხვევა მოხდა, თუმცა იმის შესახებ, რომ კლიმატური პირობები იცვლება ან საფრთხეა მაღალი ტალღების ან ძლიერი ქარის შესახებ ასეთი ტიპის ინფორმაციას სამაშველო სამსახური უნდა აძლევდეს ალბათ იქ ადგილზე ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ ტიპის სერვისით არიან დაკავებული, შესაბამისად მათ ექნებათ დრო რაღაცნაირად იმოქმედონ და ეს საფრთხეები თავიდან აიცილონ, რაც ვფიქრობ, გუშინ არ გაკეთდა.

ტალღების შესახებ შეტყობინებას აკეთებენ, არ შევსრწრებივარ ფაქტს, რომ არ ყოფილა გაფრთხილება, მაგრამ სხვა საფრთხეების შესახებ რეგულარული გაფრთხილება და კომუნიკაცია ამ ბიზნესებით დაკავებულ ადამიანებთან სამაშველო სამსახურს არ აქვს. სამაშველო სამსახურს იმიტომ ვამბობ, რომ ყოველწუთიერი შეხება აქვს პლაჟთან, ისინი აკონტროლებენ პერიმეტრს და უმჯობესი იქნებოდა ეს სამსახური აკეთებდეს ამას და ცალკე სამსახურის ჩართვა აღარ არის საჭირო“,-განუცხადა თემურ დიასამიძემ BM.GE-ს.

ზღვაში პარაშუტით ფრენა არ მიიჩნევა ექსტრემალურ სპორტად, რაც გასული წლიდან ახალი წესების შესაბამისად რეგულირდება პარაპლანით ფრენის შემთხვევაში. პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე თვლის, რომ ამ მიმართულებასაც სჭირდება რეგულირება, თუმცა არა ცენტრალურ დონეზე.

„ის მოწყობილობა, რომლითაც ბათუმში ხორციელდება ფრენები როგორც პარაშუტი, ისე სერტიფიცირებულიც კი არ არის, რადგან იმ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რაც პარაშუტს მოეთხოვება. ჩემი აზრით, ამას უნდა აკეთებდეს ადგილობრივი ხელისუფლება. ასეთი გართობისთვის ორ რამეს უნდა აკეთებდეს: რაღაც მინიმალური სტანდარტი მაინც უნდა იყოს და მეორე მხრივ დაზღვევა, ავალდებულებდეს ამ სერვისის გამწევს კომპანიას იქონიოს რაღაც ტიპის დაზღვევა“-აცხადებს ირაკლი კაპანაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები