მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეგულირება საჭიროა, მაგრამ სამართლიანი" - სისხლის ბანკის დამფუძნებელი

ნატალია კვანტალიანი

2025 წლის 1 ივლისიდან სისხლის ფულადი გასამრჯელოს სანაცვლოდ ჩაბარება კანონით იქნება აკრძალული. ამას საქართველოს პარლამენტის მიერ ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს. კანონის ფარგლებში კერძო სისხლის ბანკებს ცენტრალური სისხლის დაწესებულება ჩაანაცვლებს, რომელსაც სახელმწიფოს სახელით საქართველოს მთავრობა დააფუძნებს.

სისხლის ცენტრალური დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება და მისი დაფუძნებისთვის 16 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ქვეყანაში შეიქმნება სისხლის სამი დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისხლის შეგროვებაზე, დამუშავებაზე, ტესტირებაზე, შენახვასა და განაწილებაზე. მათგან ერთი - სახელმწიფო, ორი კი კერძო დაწესებულება იქნება. პარალელურად, იარსებებს კლინიკების ბაზაზე დაფუძნებული სისხლის ბანკები, რომლებსაც მხოლოდ სისხლის შენახვა და გაცემა შეეძლებათ.

როგორც BMGTV-ს ეთერში ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის დამფუძნებელმა განაცხადა, „რეგულირება ნამდვილად საჭიროა, მაგრამ კანონზომიერი და სამართლიანი“.

მისივე თქმით, სისხლის ბანკების ცენტრალიზება კარგია, მაგრამ თან უნდა გავითვალისწინოთ ადგილმდებარეობები. ამასთან, ნატალია კვანტალიანი მიიჩნევს, რომ 3 სისხლის ბანკი არ იქნება საკმარისი. „დღეს რთულია დონორის მოყვანა, საავადმყოფოსაც უნდა ჰქონდეს თავისი მარაგი, ბოლო წუთს არ უნდა ხდებოდეს სისხლის ძებნა“, - განაცხადა მან.

ამჟამად ქვეყანაში 25-მდე სისხლის ბანკი ფუნქციონირებს, რომელთა ნაწილი კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ გაუქმდება.

„ყველა სადარბაზოში გაიხსნა სისხლის ბანკი, მივესალმები ყველას არსებობას, ყველას აქვს ლიცენზია და შესაბამის სამსახურებში არიან აღრიცხული. თუმცა არიან სისხლის ბანკები, რომლებიც მეტს იმსახურებენ თავისი ისტორიებით და მოქმედებებით. კითხვა მაქვს, როგორ განასხვავებ იმ კომერციულ სისხლის ბანკს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა სისხლის ბანკისა და ქვეყნის ისტორიაში, სხვა სისხლის ბანკისგან. პანდემიის დროს ჩემი სისხლის ბანკის ყველა თანამშრომლის და დონორების არსებობა იყო გადამწყვეტი“, - აღნიშნა ნატალია კვანტალიანმა.

რაც შეეხება სისხლის ფულადი გასამრჯელოს სანაცვლოდ ჩაბარების აკრძალვას, კვანტალიანის თქმით, ეს უფრო კვების კომპენსაციაა დონორისთვის.

„ჩვენ დონორზე გაცემულ თანხას არ დავარქმევდით ფინანსურ ანაზღაურებას, ჩვენ მას მოკრძალებულად კვების კომპენსაციას ვარქმევდით. ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი დონორები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, იყვნენ ჯანმრთელები, მათი ორგანიზმი იყოს მეტნაკლებად კალორიული პროდუქტებით შევსებული. როდესაც ადამიანები მიდიან და უანგაროდ აბარებენ სისხლს სხვის გადასარჩენად, ეს მათი ნებაა, მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებმაც ეს არსებობის წყაროდ გაიჩინეს. მართალია, წელიწადში 4-5-ჯერ ჩაბარებული სისხლი მათ არ ავნებს, მაგრამ თავიანთი შეგნებით, ისინი კარგ საქმეს აკეთებენ“, - განაცხადა ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები