მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირების სააგენტოს შესაბამისი რესურსი აქვს? - ოცნების დეპუტატს "ჯანდაცვის შესახებ კანონში" ცვლილებებზე კითხვები აქვს

6489cbbfe6f64
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.23 18:33
757
პარლამენტი "ჯანდაცვის შესახებ კანონში" ცვლილებების პროექტზე მსჯელობს. პროექტის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უფლება ექნება, კლინიკაში შემოწმებაზე სასამართლოს ნებართვის გარეშე შევიდეს. სამინისტროს განმარტებით, ამჟამად ამ პროცესს სასამართლოს ნებართვა ესაჭიროება, რაც პროცესის გაჭიანურებას იწვევს. სახელმწიფო სააგენტოს უფლებამოსილების გაფართოებას ეწინააღმდეგებიან კლინიკები. ამასთან, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ ამ კანონპროექტზე რეგულირების გავლენის შეფასება, ანუ RIA მოამზადოს.

ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ხატია წილოსანს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა იკითხა, რამდენად აქვს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების რესურსი.

წილოსანი აცხადებს, რეგულირების სააგენტოს მიერ სასამართლოს ჩართულობის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება კლინიკებს რეპუტაციულად დააზარალებს. ამასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს აინტერესებს, თუკი წლების შემდეგ კლინიკის ბრალეულობა არ დადასტურდება, როგორ ანაზღაურდება მიყენებული ზარალი.

„ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად გვაქვს აზრთა თანხმობა, რომ სასამართლოს გვერდის ავლით ამ საკითხის მოწესრიგება უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე მისი ჩართულობით, რადგან ეს კანონითაც გარანტირებულია, რომ თუ კი მაინც არ დაეთანხმება სამედიცინო დაწესებულება, ან ფარმაცევტული წარმომადგენლობა ამ გადაწყვეტილებას, მას მაინც შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს შემთხვევა. ვიცით, რომ კანონში აღსრულება არ ჩერდება, მაგრამ არსად წერია, იმ შემთხვევაში, თუ კი რამდენიმე წლის დალოდების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, რომ ეს უსამართლო ჯარიმა იყო, ან არ დადასტურდება დარღვევა, ვინ დააბრუნებს ამ შემთხვევაში გადახდილ ჯარიმას ან დაბრუნების შემთხვევაშიც კი, იქნება თუ არა ეს კლინიკისთვის იმავე ღირებულების მატარებელი, რაც მანამდე იყო?

რადგან სამედიცინო დაწესებულება უდიდეს რეპუტაციულ რისკს იღებს, რომლის გამოსწორება ყველა ჩვენგანმა ვიცით, რამდენად რთულია მით უმეტეს, როდესაც რეპუტაციული რისკი დგება? გარდა ამისა, არსებობს მონიტორინგის სამსახური, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია შევიდეს კლინიკაში, განახორციელოს მონიტორინგი, მათ შორის მოითხოვოს ფინანსური და საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია, შეამოწმოს, დააჯარიმოს კლინიკა და მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი შეხედულებისამებრ. თუ არის შესწავლილი დამატებით ახალი მექანიზმის გაჩენისთვის სააგენტოს მხრიდან მზაობა, რომელსაც ამხელა უფლებას ვაძლევთ? რადგან აქ საკითხი აღსრულების ფურცლის გაცემასაც ეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მგრძნობიარე საკითხებზე აღსრულება აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობის გარეშე უნდა მოხდეს“, - აცხადებს დეპუტატი.

ხატია წილოსანი თვლის, რომ ეს ცვლილებები სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად რთულ მდგომარეობაში აყენებს მარეგულირებელ უწყებასაც, რადგან საკომიტეტო მოსმენების დროს ცხადი ხდება ხოლმე, რომ სააგენტოს შეზღუდული რესურსები აქვს, მით უფრო მაშინ, როდესაც ცვლილებების შემდეგ მისი მანდატი მხოლოდ დიდი ქალაქებზე ვერ გავრცელდება და რეგიონში მოქმედ ისედაც რთულ მდგომარეობაში არსებულ კლინიკებს, ფინანსურად კიდევ უფრო დააზარალებს.

„ეს ყველაფერი ერთად რომ წარმოვიდგინოთ, ვფიქრობ, დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს თვითონ მარეგულირებელსაც. როგორც საზედამხედველო ფუნქციის მატარებელ კომიტეტს, ამ სააგენტოების მოწვევის შესაძლებლობა აქვს, მათი განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს ვისმენთ და ინტერესი გაჩნდა რამდენად აქვს სააგენტოს ამის ადამიანური და ფიზიკური შესაძლებლობა?

როდესაც პაციენტების უფლებების დაცვაზე ვსაუბრობთ, ეს დიდ პრობლემებს განსაკუთრებით ალბათ რეგიონებში შექმნის, სადაც სამედიცინო სერვისები მიწოდება ისედაც შეზღუდულია. ეს ხომ მხოლოდ თბილისზე ან დიდ ქალაქებზე მორგებული ვერ იქნება. რეგიონებში, სადაც სამედიცინო დაწესებულებებში გამოწვევებია, იქ ასეთი მძიმე ფინანსური ტვირთი დაუყოვნებლივ დაუდგება სამედიცინო დაწესებულებას, როგორ უნდა დაფარონ ეს საჭიროებები - ექიმების, სამედიცინო პერსონალის ხელფასები, ინფრასტრუქტურული ხარჯები, კომუნალური გადასახადები და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად ვიცავთ იმ საბოლოო მიზანს, რომლის არსებობაში არც ერთ აქ მყოფ ადამიანს ეჭვი ნამდვილად არ გვეპარება“, - მიმართა ხატია წილოსანმა ჯანდაცვის კომიტეტზე თამარ გაბუნიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები