"თუ პანდემიის წლებს (2020 - 2021 წლები) არ ჩავთვლით, ინვესტიციების კუთხით ასეთი დაბალი მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ არ ყოფილა", - ამბობს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი და ამატებს, რომ პირველ კვარტალის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ახალი ინვესტიციები ქვეყანაში აღარ შემოდის.
საუბარია რეინვესტიციის მაღალ მაჩვენებელზე, რომელმაც წელს I კვარტალში 150 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ჯამური ინვესტიციების თითქმის 84%-ია. რაც შეეხება სააქციო კაპიტალს, ანუ ახალი ინვესტიციების მაჩვენებელს, მისი მოცულობა 2025 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 62 მლნ დოლარი იყო, ანუ ჯამური ინვესტიციების დაახლოებით 35%.
"ჩემი აზრით, ორმხრივად დამაფიქრებელია ეს სტატისტიკა. პირველი, ეს არის ბოლო 15 წლის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი თუ არ ჩავთვლით პანდემიურ პანდემიურ წელიწადს. ეს მეტყველებს, რომ აბსოლუტურ ფსკერზეა ინვესტიციების მდგომარეობა. მეორე არის კომპოზიცია, ფაქტობრივად 80%-ზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეინვესტირებაზე მოდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი ინვესტიციები საქართველოში არ შემოდის.
ამას არ შველის არც FDI-ის სტრატეგია, არც მთავრობის გაუთავებელი საერთაშორისო ვიზიტები და არც მრჩეველები, რომლებშიც ბიუჯეტიდან ფულს ვიხდით. ამით საბოლოოდ ვრწმუნდებით, რომ საქართველო აღარ არის საინტერესო ადგილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის.
კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის ამ სურათს ის, რომ წელს გვაქვს პირველი წელი ბოლო ხუთ წელიწადში, როცა ეკონომიკური მდგომარეობა და პარამეტრები უარესდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, მაღალი ალბათობით კომპანიების მოგებიანობა წინა წელთან შედარებით, შემცირდება. შესაბამისად, იმ უცხოურ კაპიტალსაც მოგება შეუმცირდება. ასევე გაუარესებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მზაობა უცხოური კაპიტალი დარჩეს საქართველოში ან დატოვოს აქ ნანახი მოგება, შემცირებულია. ამ ორი გარემოებიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით შემცირდება რეინვესტირებული თანხებიც", - ამბობს ხიშტოვანი და ამატებს, რომ ამ ვითარების გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ ინვესტიციების მოცულობა წლიურ ჭრილშიც შემცირდება.
მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი რუსეთიდან გაზრდილი ინვესტიციებია. "რუსეთიც გამოჩნდა ამ სტატისტიკაში და ესეც ჩემი აზრით, საყურადღებოა". ხიშტოვანი ფიქრობს, რომ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთზე კიდევ იზრდება. ამას გარდა, ეკონომისტი ამბობს, რომ ოფშორული ზონებიდან შემოსული ინვესტიციების უკან ხშირად რუსული ან ისევ ქართული კომპანიები არიან და რეალურად ფულის "შემობრუნება" ხდება ქვეყანაში.
წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში ჯამში 179.4 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა, წლიურად კლება თითქმის 8%-ია.




























