მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რეიტინგები - მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სტარტაპები

სტარტაპი

თუკი არსებობს სიტყვა, რომელიც სტარტაპს ყველაზე მეტად შეეფერება, ეს სიტყვა - ინოვაციაა, რადგან ინოვაციურობის, განსხვავებულობისა და რევოლუციურობის გარეშე, კომპანია, რომელსაც, როგორც წესი, არც დიდი ფინანსური რესურსი აქვს და არც ბევრი თანამშრომელი ჰყავს, ბაზარზე ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. სწორედ ინოვაცია და სიახლე იყო ის, რამაც ამერიკულ UBER-ს ტაქსების სერვისის რეგულირებულ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა მისცა. იმავეს თქმა შეიძლება Airbnb-ის შესახებაც, რომელმაც გლობალური ტურიზმი ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა.

გლობალური ეკონომიკისთვის სტარტაპების მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ გასულ წელს, სტარტაპებმა გლობალურად $445 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდეს, რაც, მართალია, 35%-ით ნაკლებია 2021 წელს დაფიქსირებულ $681 მილიარდზე, მაგრამ მნიშვნელოვნად აღემატება 2020 წელს დაფიქსირებულ $342 მილიარდს, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, სტარტაპების მიმართ ინვესტორების ინტერესი წლებთან ერთად იზრდება.

ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება საქართველოშიც, სადაც წლებია, რაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ფუნქციონირებს, რომელმაც, ობიექტურები თუ ვიქნებით, ბევრ ქართულ სტარტაპს საწყის კაპიტალთან წვდომის საშუალება მისცა. მოგვიანებით, საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ვენჩურული ფონდის, 500 Global-ის წარმომადგენლობაც გაიხსნა, რომელმაც აქსელერაციის პროგრამის გავლის საშუალება ათობით ქართულ სტარტაპს მისცა, რამაც, საბოლოო ჯამში, პირველი ქართული "იუნიქორნის" სიმბოლური ტიტულის რამდენიმე პოტენციური კანდიდატი წარმოშვა ქვეყანაში.

"იუნიქორნი" სტარტაპერული ტერმინია, რომელიც მილიარდ დოლარად შეფასებულ კერძო სტარტაპს აღნიშნავს, ანუ იმ კომპანიას, რომელიც ჯერაც სტარტაპია, მაგრამ ჯერჯერობით არ დალისტულა საფონდო ბირჟაზე. თუმცა ამ ინდუსტრიაში არსებობენ არამხოლოდ "იუნიქორნები", არამედ "დეკაკორნები" და "ჰეტოკორნებიც", ანუ სტარტაპები, რომელთაც ინვესტორები ათ და ას მილიარდ დოლარად აფასებენ.

დღეს, სწორედ ასეთ სტარტაპებზე მოგიყვებით და გეტყვით, თუ რომელი ხუთი სტარტაპი არის მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებული.

#1: ByteDance (ჩინეთი) - $300 მილიარდი
სფერო: სოციალური მედია

პირველ ადგილს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, ByteDance-ი იკავებს, რომლის სახელი ბევრს შეიძლება გაგონილიც არ ჰქონდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ იცის მისი ერთ-ერთი პროდუქტის - TikTok-ის შესახებ. თუმცა TikTok-ის გარდა, რომლის დომინაცია გლობალურ ბაზარზე უზარმაზარია და მას არავინ უარყოფს, ByteDance-ი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ძალიან მკაცრად რეგულირებულ ჩინურ ბაზარზე, სადაც ის ერთბაშად სამი სერვისითაა წარმოდგენილი. Douyin-ი, მაგალითად, TikTok-ის ჩინური ვერსიაა, ხოლო Xigua Video - YouTube-ისა და Netflix-ის ერთგვარ ნაზავად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ჩინეთში, როგორც იცით, მილიარდ 400 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ByteDance-ი $300 მილიარდადაა შეფასებული.

#2: SpaceX (აშშ) - $137 მილიარდი
სფერო: კოსმოსი

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სტარტაპების ჩამონათვალში მეორე ადგილს ყველასთვის კარგად ნაცნობი SpaceX-ი იკავებს, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს ეკუთვნის და ის რიგით მესამე კომპანიაა, რომელიც მილიარდერმა დააფუძნა. ამ სიაში SpaceX-ის მოხვედრა უცნაური არ არის, რადგან ამ კომპანიამ ერთმნიშვნელოვნად შეცვალა გლობალური კოსმოსური ინდუსტრია. თავის დროზე, კოსმოსურ ბიზნესზე მონოპოლია სახელმწიფოებს ჰქონდათ, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ სამთავრობო სააგენტოები ამ სფეროში უკეთესად ერკვევიან, არამედ იმიტომ, რომ კომპანიებს ამისთვის ფული არ ჰქონდათ. მოგვიანებით, ბაზარზე SpaceX-ი გამოჩნდა, რომელმაც მრავალჯერადი რაკეტები შექმნა და ამით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კერძო კომპანიის სტატუსი მოიპოვა, $137-მილიარდიანი შეფასებით.

#3: Stripe (აშშ) - $95 მილიარდი
სფერო: ონლაინგადახდები

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპების სიაში მე-3 ადგილზე ონლაინგადახდების ნამდვილ გიგანტს - Stripe-ს ვხვდებით, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავიხსენებთ, რომ Stripe-ის სერვისებს Amazon-ი, Spotify-ი და Airbnb იყენებენ. თუმცა გიგანტებთან ერთად Stripe-ის სერვისებს მიკრო და მცირე მეწარმეებიც იყენებენ, რომლებიც საკუთარ ვებგვერდებზე ამ კომპანიის მიერ შექმნილ პლაგინებს აინტეგრირებენ, რითაც გადახდების მიღება შეუძლიათ.

#4: OpenAI (აშშ) - $90 მილიარდი
სფერო: ხელოვნური ინტელექტი

ამ რეიტინგის კიდევ ერთი, ამჯერად მე-4 ადგილი ასევე ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიას, OpenAI-ის ერგო, რომელმაც ყველაზე ცნობილი გენერაციული ინტელექტი, ChatGPT შექმნა. ამ კომპანიის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი, სხვათა შორის, სწორედ ილონ მასკი იყო, რომელზედაც ახლახან მოგიყევით, მაგრამ მოგვიანებით, ანტრეპრენიორისა და კომპანიის გზები გაიყო. თუმცა არ გაიყო OpenAI-ისა და მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, Microsoft-ის გზები. ამ უკანასკნელმა სემ ოლტმენის კომპანიაში დიდი ფული ჩადო და შედეგად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ხელოვნური ინტელექტი მიიღო, რომელსაც ჯერ ყველაფერი წინ აქვს.

#5: Shein (ჩინეთი) - $66 მილიარდი
სფერო: ონლაინვაჭრობა

ყველაფერი წინ აქვს კიდევ ერთ დიდ ჩინურ სტარტაპ Shein-ს, რომელიც სწრაფი მოდის, ე.წ. Fast Fashion-ის ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმაა მსოფლიოში, რომელსაც 600 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ამ კომპანიის მთელი არსი და შესაბამისად ბიზნესმოდელი ისაა, რომ Shein-ზე პოპულარული ტანსაცმელი იაფად იყიდება, რის გამოც ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მას ძალიან ხშირად სტუმრობენ. გლობალურ ტენდენციებთან ერთად კი, რომლებიც აშკარად იაფი, მაგრამ ხარისხიანი ტანსაცმლისკენ იხრება, ინვესტორები Shein-ში დიდ პოტენციალს ხედავენ, რაც აისახება კომპანიის $66-მილიარდიან შეფასებაზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები