1961 წლის შემდეგ, გასული ზაფხული ჩინეთში ყველაზე ცხელი იყო, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში კი, ანალოგიურ პერიოდში, წვიმიანი სეზონი რეკორდულად გახანგრძლივდა - ამის შესახებ ინფორმაციას ამინდის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, რომლის ექსპერტებიც “ატმოსფერულ ქაოსს” კლიმატის ცვლილებასთან აკავშირებენ.
როგორც ჩინეთის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილემ, ჰუანგ ჟოუმ კონფერენციაზე განაცხადა, ზაფხულის წვიმების სეზონი - „ქლიავის წვიმები“, რომელიც აღმოსავლეთ აზიის მუსონური ქარის დროს, იანძის მდინარეზე ქლიავის დამწიფების პერიოდს ემთხვევა და სახელიც შესაბამისად აქვს შერჩეული - ჩვეულებრივზე ერთი კვირით ადრე დაიწყო. მისივე თქმით, ამავე პერიოდში, ივნისიდან აგვისტომდე, ქვეყნის ძირითად ნაწილში ჰაერის ექსტრემალური ტემპერატურა აღირიცხებოდა - დაფიქსირდა 14-მდე “მაღალ ტემპერატურიანი” და 6-მდე “საშუალოზე მაღალი” დღე.
ჟოუს განმარტებით, ეროვნული საშუალო ტემპერატურა 22.3 გრადუს ცელსიუსს აღწევდა, რაც 1.1 გრადუსით აღემატება ნორმას და, 2024 წლის მაჩვენებლის მსგავსად, რეკორდულია 1961 წლის შემდეგ.
გასულ ზაფხულს მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა როგორც ჯიუტ, მაღალი წნევის სუბტროპიკულ სისტემას, რომელიც თბილ და მშრალ ამინდს იწვევს, ასევე აღმოსავლეთ აზიის მუსონებს ებრძოდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ძლიერ წვიმებსა და წყალდიდობას ასობით ადამიანი ემსხვერპლა, ეკონომიკამ კი მილიარდობით დოლარის ზარალი მიიღო. ექსტრემალური ამინდი მძიმე გამოწვევაა ქვეყნის ხელისუფლებისთვისაც, რადგან დაძველებული დამცავი სისტემები ძლიერ წვიმას ვეღარ უმკლავდებიან და მილიონობით ადამიანის ევაკუაცია ხდება საჭირო, ძლიერი სიცხე კი ელექტროქსელების გადატვირთვასა და ნათესების ხმობას იწვევს.
ჩინეთი მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკას არ აქვეყნებს. 2023 წელს სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სიცხის ტალღას 2022 წელს ჩინეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 2-ჯერ მეტი, ვიდრე - 2021-ში.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის აგვისტო გლობალურად რიგით მესამე ყველაზე ცხელი იყო. საშუალო ტემპერატურა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს 0.49 გრადუსით აღემატებოდა, რასაც ევროკავშირის კლიმატის ცენტრი, Copernicus ადასტურებს.




























