პლანეტის უმსხვილესმა კომპანიამ კიდევ ერთხელ მოახერხა ანალიტიკოსების მოლოდინების გადაჭარბება და პროგნოზირებულზე გაცილებით უკეთესი შედეგების დაფიქსირება.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ კვარტალში NVIDIA-მ 57 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 62%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ანალიტიკოსების პროგნოზს $2 მილიარდით აღემატება.
ასევე შთამბეჭდავია მოგების მაჩვენებელი, რომელი $32 მილიარდს აღწევს და წლიურად 65%-იან ზრდას წარმოადგენს.
NVIDIA-ს წმინდა მოგების მარჟა 56%-ის ფარგლებშია, რაც უპრეცედენტო შედეგია და თითქმის $5-ტრილიონიანი კომპანიისათვის უკიდურესად მაღალ შედეგს წარმოადგენს.
შემოსავლების მამოძრავებელი მთავარი ფაქტორი AI-ბუმი და NVIDIA-ს მიერ წარმოებულ პროცესორებზე რეკორდული მოთხოვნაა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათ ერთადერთი პრობლემა ის აქვთ, რომ ისინი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო სისწრაფით პროდუქტების წარმოებას ვერ ახერხებენ, ამიტომ დამკვეთებს თვეობით უწევთ ლოდინი.
NVIDIA-ს მომხმარებლებს შორის ვხედავთ როგორც პლანეტის უმსხვილეს კომპანიებს, ასევე AI-სტარტაპებს, DATA-ცენტრების ოპერატორებს და სახელმწიფოებს, რომელთაც თავიანთი AI-ინსფრასტრუქტურის განვითარება სურთ.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კომპანია მომავალ კვარტალში უფრო მეტი შემოსავლის მიღებას მოელის, რადგან AI-ბუშტის არსებობის გარშემო წამოწყებული სპეკულაციის მიუხედავად, NVIDIA-ს პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება.
შედეგად, საფონდო ბირჟის გახსნამდე კომპანიის აქციების შეფასება თითქმის 5%-ით გაიზარდა.
























