სიღნაღი-წნორის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე გლემპინგ სასტუმროს, Signagi Glamping-ის დამფუძნებელი, ალექსანდრე ჭაბაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ წელს ტურისტული ობიექტის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცისა და გასართობი ზონის მოწყობა იგეგმება. თუმცა ჯერჯერობით რა ოდენობის ინვესტიცია იქნება საჭირო, ზუსტად არ იციან. "ამჟამად მუშა პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა ჭაბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კომპლექსი გასულ წელს, ზაფხულში გაიხსნა და 10 ერთმანეთისგან იზოლირებულ ორადგილიან ნომერსა და რესტორანს აერთიანებს. მის სრულად მოწყობაში, ჯამში 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ნომრები ჰაერშია დაკიდებული, რომელსაც დამოუკიდებელი ტერასა და შესასვლელი აქვს.
„სეზონზე 70%-იანი დატვირთვით ვიმუშავეთ, ხოლო ზამთარში 30-35%-ით ვიყავით დატვირთული. ზაფხულში ძირითადად უცხოელი სტუმრები, კერძოდ ჩინეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან გვსტუმრობენ. ხოლო ზამთრის პერიოდში ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობას ვმასპინძლობდით. იქიდან გამომდინარე, რომ შუა სეზონზე გავიხსენით, წელს უკვე მოლოდინი გვაქვს, რომ მოთხოვნა და დატვირთულობა მზარდი იქნება.
სასტუმროში განთავსების ფასები სეზონურია, თუმცა ამჟამად ერთი ღამით განთავსების ღირებულება 220 ლარს შეადგენს, ხოლო განთავსება საუზმითა და ჯაკუზით 270 ლარი ჯდება", - აცხადებს ჭაბაშვილი.
რაც შეეხება რესტორანს, ობიექტი მომხმარებელს ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს, მეტწილად კახურ და ქიზიყურ კერძებს, ასევე ევროპულ კერძებსაც სთავაზობს. ამასთან, რესტორანში სასმელების ნაირსახეობაა წარმოდგენილი.
ამ ეტაპზე ტურისტული ობიექტი 7 ადგილობრივს ასაქმებს, თუმცა დატვირთვის ზრდასთან ერთად, სეზონზე კიდევ რამდენიმე ადამიანის დასაქმება იგეგმება.