რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ კონცეფციას უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი წარადგენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისი თქმით, ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი
არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით.
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ახსოვს საზოგადოებას და უშუალოდ მისი ჩართულობით გადაიჭრა ეს პრობლემა. პრაქტიკულად ყველაზე ოპტიმალური ვერსიაა შემუშავებული და შეთანხმებული იმ კოლექტივთან, რომელიც დღემდე აგრძელებს მუშაობას იმ დაწესებულებაში. ეს არის შესანიშნავი და გამორჩეული კოლექტივი, რომელსაც ძალიან ამბიციური გეგმების განხორციელების უნარი შესწევს. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კონცეფციის განხორციელების ერთ-ერთი მამოძრავებელი იქნება სწორედ ის კოლექტივი, რომელიც ამჟამად მუშაობს ამ დაწესებულებაში.
კონცეფციის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გვექნება და უშუალოდ მუშაობას დავიწყებთ. გვაქვს გარკვეული იდეები - ერთი მხრივ, როგორ რეაბილიტირდეს არსებული ინფრასტრუქტურა და ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესის საგანი იქნება ახალი მშენებლობები, რომლის რესურსიც და პოტენციალიც იმ ტერიტორიას, რომელიც განაშენიანებას დაექვემდებარება, გააჩნია.
შესაბამისად, ვფიქრობთ, წამოვიწყოთ ისეთი სახის მშენებლობა, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღებთ სრულიად ინოვაციურ, თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება მთლიანად რეგიონის მასშტაბით ამ სექტორში ფლაგმანი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში ირაკლი კობახიძის ინიციატივით ირაკლი ღარიბაშვილის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება შეჩერდა. მისი გადაწყვეტილებით კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა პარალელურად კი კლინიკის უკანა ეზოში ახალი საავადმყოფოს პროექტის განხორციელება დაიწყებოდა.
როგორც კობახიძე მაშინ ამბობდა, უახლოესი 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებდა. 3 წლის თავზე კი სამშენებლო სამუშაოები დასრულდებოდა და საავადმყოფო მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდოდა ახალ შენობაში.