მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკურში რეანიმაციის სანებართვო პირობები დაკმაყოფილებული არ არის, თუმცა ეს შესრულებადია - ნინო ოთარიშვილი

რესპუბლიკური

კლინიკები რეანიმაციული საწოლების დეფიციტზე საუბრობენ, მიზეზი გასული წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული სანებართვო პირობებია, რომელზე მოსარგებადაც ჰოსპიტლებს რეანიმაციული საწოლების შემცირება მოუწიათ. ამას დაემატა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებიც, რის გამოც დღეს კლინიკის რეანიმაციული განყოფილება არ მუშაობს და პაციენტებს ვერ იღებს.

ნინო ოთარიშვილი გვიხსნის, რომ დღეს რესპუბლიკური საავადმყოფო რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობებს არ აკმაყოფილებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ახალ მინისტრთან მიმდინარეობს ისევ მოლაპარაკებების რეჟიმი რომ დახურული განყოფილებების უმოკლეს ვადებში გახსნა, კადრების აყვანა და სანებართვო პირობების დაკმაყოფილება მოხდეს, რაც საავადმყოფოსთვის სირთულეს არ წარმოადგენს.

“ჩვენ არ მოგვცეს არანაირი საშუალება იმისთვის, რომ რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები დაგვეკმაყოფილებინა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები გვეწარმოებინა. გვეუბნებოდნენ, რომ როდესაც დაიწყებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედზე საქმიანი მსჯელობა მაშინ განვიხილავდით ამას ყველაფერს.

სამწუხაროდ, ეს აღმოჩნდა მორიგი ცრუ დაპირება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რაც არაერთი მოვისმინეთ ამ ერთი წლის განმავლობაში. საბოლოო ჯამში კლინიკის ლიკვიდაცია გამოაცხადეს. შესაბამისად, ეს პირობები დაკმაყოფილებული არ არის, თუმცა ეს არ არის ისეთი გადაუწყვეტი პრობლემა, რომელიც ვერ შესრულდება რესპუბლიკური საავადმყოფოს ფუნქციონირების პერიოდში.”-აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ოთარიშვილი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური დეპარტამენტის უფროსი ნინო ოთარიშვილი ამბობს, რომ რეანიმაციული საწოლების დეფიციტის პრობლემა 2023 წლის შემოდგომიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდის დროს გახსნილი კოვიდ განყოფილება დაიხურა, სადაც 45 რეანიმაციული საწოლი იყო, ამას კი მალევე მიჰყვა რეანიმაციული განყოფილების დახურვა, სადაც 12 საწოლი იყო.

“რეანიმაციული საწოლების დეფიციტი 2023 წლის შემოდგომიდან უკვე ძალიან ხელშესახები გახდა. ყველაზე დიდმა რეანიმაციულმა განყოფილებამ 45-საწოლიანმა ფუნქციონირება შეწყვიტა და დარჩენილმა რეანიმაციულმა განყოფილებებმა იმის გამო რომ გაზარდეს მანძილი საწოლებს შორის შეამცირეს საწოლების რაოდენობა. ამას ასევე ხელი შეუწყო DRG-ის ამოქმედებამაც. ვინაიდან DRG ითვალისწინებს მოჭრილი თანხის გადახდას კონკრეტული დიაგნოზიდან გამომდინარე და ამ მოჭრილ თანხაში ვერასდროს ვერ გათვლი რამდენ ხანს იქნება პაციენტი. რეანიმაციაში ვერ ვიტყვი, მაგრამ კარდიოლოგიაში ეს თანხა არასდროს არ არის საკმარისი როცა ყოველდღიურად იზრდებოდა მედიკამენტების და მომსახურების ფასები. შესაბამისად, ის თანხა, რომელიც შემოგვთავაზა DRG-იმ არ იყო საკმარისი პაციენტის საჭიროების დასაფარად.

რეანიმაციული პაციენტები იყვნენ უფრო ზარალიანი კერძო კლინიკებისთვის, შესაბამისად, მათ აღარ უცდიათ საწოლების გაზრდა. ძალიან დიდი დეფიციტი შეიქმნა ზამთრის პერიოდში, როცა პაციენტები მიჰყავდათ რუსთავში, გარდაბანში, მცხეთაში, გორშიც კი, იმიტომ რომ თბილისში არ არსებობდა რეანიმაციული საწოლები თბილისში,”- ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ოთარიშვილი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს, რეგულირების სააგენტოს მიერ, კლინიკებში, ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად, რეანიმაციული მომსახურების ნებართვა 115-მა დაწესებულებამ მიიღო, ხოლო სტანდარტების შეუსაბამობის გამო, რეანიმაციული მომსახურების ნებართვაზე უარი 28 დაწესებულებას ეთქვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები