მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც მინისტრს სჩვევია, გადაწყვეტილება ტელევიზიით გავიგეთ - რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი

რესპუბლკური

რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის ნინო ოთარიშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟისა და მედპერსონალისთვის საკომპენსაციო შეთავაზების გადაწყვეტილების შესახებ, კლინიკის მედპერსონალმა ტელევიზიიდან გაიგეს.

"როგორც მინისტრს სჩვევია, გადაწყვეტილება ისევ ტელევიზიით გავიგეთ" - ამის შესახებ ოთარიშვილმა bm.ge-ის განუცხადა.

საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ აქამდე გამართული შეხვედრების დროს მინისტრის მხრიდან არაერთი დაპირება გაჟღერდა, თუმცა ყველა პირობა და ყველა ჯერზე დაირღვა, გადაწყვეტილება პერსონალმა ტელევიზიით გაიგო. ნინო ოთარიშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროექტის შესახებ განცახდებებს ქრონოლოგიურად იხსენებს.

„გუშინ ზურაბ აზარაშვილმა, ტელევიზიიდან გვითხრა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. როგორც მინისტრს სჩვევია, გადაწყვეტილება ტელევიზიით გავიგეთ.

იქამდე, იყო დიდი პერიპეტიები, არსებობს 2018 წლის ექსპერტიზის დასკვნა, სანამ სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლების პროექტს შეუკვეთავდა, მაშინ სამხარაულმა დაწერა, რომ მზიდი კონსტრუქციები არის აბსოლუტურად დაზიანების გარეშე და არანაირი პრობლემა არ აქვს, ანუ შენობა ავარიული არ არის. პრობლემა აქვს 2007 წელს გამაგრებულ არამზიდ კონსტრუქციებს და პრობლემა არის მინის ფასადი. როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო მიღებული პრაქტიკა, საჩქაროდ და დროებით გამაგრდა. მაშინაც იგეგმებოდა, სრული რეაბილიტაცია, მაგრამ მერე იყო ომი და არავის ეცალა. მთავარი ის იყო, რომ შენობის ფასადი დაიფარა.

ამის შემდეგ, 2021 წელს კიდევ ერთი დასკვნა იყო, რომ შენობის ფასადი არის მწვავედ ავარიული და არის სასწრაფოდ შესაცვლელი, ვინაიდან შეიძლება ჩამოვარდეს და საფრთხე შეუქმნას როგორც შიდა პერიმეტრზე, ისე გარეთ მოძრავ ადამიანებს. თუმცა მთელი უბედურება ისაა, რომ ჩვენ ეს 2021 წლის დასკვნა თვალით არ გვაქვს ნანახი. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ბატონმა ილია ღუდუშაურმა თქვა ასეთი რამ, შენობა ავარიული არ არის, თორემ ამდენს კი არ ვილაპარაკებდით, რა გავუკეთოთ ამ შენობასო. ამ შუალედური შეხვედრების შემდეგ, მინისტრი დაგვპირდა, რომ იქნებოდა კიდევ ერთი შეხვედრა, მაგრამ ტელევიზიით 2022 წლის თებერვალში თქვა, რომ გადაწყდა დაინგრეს და მის ადგილას აშენდეს მულტიპროფილური კლინიკა. რა შეიცვალა 2021 წლის ბოლოდან 2022 წლის თებერვლამდე, გაუგებარია. მიუხედავად უშედეგო მოთხოვნისა, პერსონალს არ გვინახავს არანაირი დასკვნა, ან რამე მსგავსი დოკუმენტი, რატომ გადაწყდა დემონტაჟი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცხადია გვიჭირს ვენდოთ შემოთავაზებულ კომპენსაციებს, რომელიც თავის მხრივ შეურაცხმყოფელია. ადამიანებს, რომლებსაც გვაქვს შრომის უნარი, გვეუბნებიან 4 წელი სახლში დაჯექით და ხელფასებს გადაგიხდითო. ასევე, არის რამდენიმე პაკეტი და არ იყო წარმოდგენილი გეგმა ვინ და რა მექანიზმით მოხვდება 650 დასაქმებულიდან ამა თუ იმ პაკეტში", - განაცხადა ოთარიშვილმა bm.ge-სთან.

ოთარაშვილი ამბობს, რომ ნდობის პრობლემას ამწვავებს, საქართველოში საავადმყოფოების დანგრევის და მშენებლობის გაჭიანურების არსებული პრაქტიკაც. მაგალითად, ინფექციური, ონკოლოგიური და ფსიქიატრიული საავადმყოფოების შემთხვევა.

გუშინ მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი განიხილეს, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, დაიწყება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები