მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეეჭვება, კომპენსაცია 250-მდე ადამიანს აეღო" - რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი

რესპუბლიკური

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი კვლავ აქციას მართავს.

პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

თუმცა, როგორც „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპენსაცია 250 ადამიანს აეღო.

მისი ცნობით, ამჟამად სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი მხოლოდ 30-მდე მედპერსონალმა აირჩია და ისინი ორშაბათიდან სამსახურში აღარ გამოცხადდებიან. ამასთან, გათავისუფლებული არიან ტექნიკური პერსონალი, რომლებიც ასევე ორშაბათიდან აღარ იმუშავებენ.

„მეეჭვება, რომ კომპენსაცია 250-მდე ადამიანს აეღო, რადგან ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ 30 მედიკოსია, რომლებმაც კომპენსაცია აიღეს და ორშაბათიდან სამსახურში აღარ მოვლენ. ასევე გათავისუფლებული არიან მუშები, მებაღეები, ინჟინრები და სხვა ტექნიკური პერსონალი, რომლებიც ორშაბათიდან სამსახურში აღარ გამოცხადდებიან.

თვითონ გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი კონფიდენციალურია, თუმცა არაფერი იმალება,“- აცხადებს ოთარიშვილი.

მისივე განმარტებით, მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, რომ არსებული ბრძანებულება შეჩერდეს და ყველა გადაწყვეტილება სამუშაო რეჟიმში, ორმხრივად განხორციელდეს და არა ბრძანების ტონით.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია და საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა, კერძოდ, კლინიკის პერსონალისთვის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად, დრო 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები