„რე:სქული“ რიგით მესამე ფილიალს ქუთაისში ხსნის. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ცენტრის დამფუძნებელმა, სალომე მგელაძემ განაცხადა. ეს არის სივრცე, სადაც 9-15 წლამდე ბავშვები და 15+ ახალგაზრდები ვებპროგრამირებას, თამაშების შექმნას, UI/UX დიზაინსა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს ეუფლებიან.
„ქუთაისში სასწავლო პროცესი სკოლა „პროგრესის“ ბაზაზე განხორციელდება. კერძოდ, 18 თებერვლიდან სწავლებას ქუთაისში ჯერ ერთი ჯგუფით ვიწყებთ, რომელიც 12-15 წლის ასაკზე იქნება გათვლილი, ჯგუფი 20 ბავშვით დაკომპლექტდება“, - აღნიშნა სალომე მგელაძემ.
„რე:სქულის“ თბილისის ფილიალში კი სიახლე ინერგება. სასწავლო ცენტრში ბავშვების მიღება 7 წლიდან დაიწყება და ამ პრაქტიკის გადატანა შემდგომ უკვე რეგიონებშიც იგეგმება.
სასწავლო ცენტრის დამფუძნებლის თქმით, მათი დაკვირვებით ყველაზე მოთხოვნადი კურსი ვებპროგრამირებაა და ამას როგორც ლოკალური, ისე გლობალური ბაზრის მოთხოვნები განაპირობებს.
„პროგრამისტობა, დღეს, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა მსოფლიოში, რომელიც საშუალებას იძლევა იმუშაო ევროპასა და ამერიკაში დისტანციურად, არ გადაიხადო იქაური გადასახადები, თუმცა აიღო ევროპული და ამერიკული, საქართველოზე გაცილებით მაღალი ხელფასი“, - ამბობს სალომე მგელაძე.
რაც შეეხება სწავლის ღირებულებას, "რე:სქულში" ფასები 300-დან 450 ლარამდე მერყეობს.
შეგახსენებთ „რე:სქული“ ბაზარზე 2023 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს, რომლის გუნდი 70-მდე თანამშრომლისგან შედგება.