რესტორანი „დაფნა“ ქსელის გაფართოებაზე მუშაობს. დამფუძნებლები ბათუმში ფილიალის გახსნის შემდეგ, განსხვავებული კონცეფციის ფილიალის გახსნას თბილისში განიხილავენ, - ამის შესახებ ტურისტული ობიექტის თანადამფუძნებელმა, ნიკოლოზ მამეიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე ცნობით, პირველ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით გაფართოება იგეგმება, იგივე თბილისის მიმართულებით. ამასთან, კომპანია ბრენდის ქვეყნის გარეთ ექსპორტსაც გეგმავს, თუმცა "დაფნას" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამას შესაბამისი გარემო პირობები სჭირდება.
ნიკოლოზ მამეიშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ გეგმის სისრულეში მოყვანა, ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
"როდესაც ბათუმის სეზონი დასრულდება და შევხედავთ, თუ როგორ იმუშავებს ბათუმის ფილიალი, ფილიალის გახსნის საკითხს ამის მიხედვით, წლის ბოლოდან გავააქტიურებთ. კონკრეტულად გადაწყვეტილი არ გვაქვს, თუმცა ახალი ფილიალის გახსნას თბილისში ჩვენი არსებული ობიექტიდან მოშორებით, სავარაუდოდ საბურთალოზე განვიხილავთ", - აცხადებს ნიკოლოზ მამეიშვილი.
რაც შეეხება ბათუმის ფილიალს, რესტორნის თანადამფუძნებლის ცნობით, თბილისში გახსნილი პირველი ფილიალის წარმატებული ოპერირება გახდა მიზეზი იმისა, რომ “დაფნა” გაფართოებულიყო. შესაბამისად, შარშან ფილიალი ბათუმში გაიხსნა.
"გაფართოება ან თბილისში ან სხვა ქალაქში განიხილებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმთან ყველას ჩვენი სენტიმენტები გვაქვს, გადავწყვიტეთ, "დაფნა" ზღვისპირა ქალაქშიც ყოფილიყო, რაშიც მხარი TBC-მ დაგვიჭირა. თიბისისგან მხარდაჭერა ჩვენთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
იმ პერიოდში, როდესაც "დაფნა" გავხსენით, განსხვავებული კონცეფციის რესტორნები ფეხს იდგამდა. იმის მაგივრად, რომ სახინკლე ჩვენთვის, ყველასათვის ნაცნობ გარემოში გაგვეხსნა, გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებლებისთვის არატრადიციული კონცეფცია, გარემო შეგვეთავაზებინა. ამ ყველაფერს სჭირდებოდა რაიმე, რაც გამოარჩევდა. გადავწყვიტეთ, რომ არ ყოფილიყო სტანდარტული ახალი შენობა და ობიექტი ყოფილიყო ძველ შენობაში, რომელსაც თავისი ისტორია ექნებოდა. ჩვენთვის ეს იქნებოდა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩვენი ჩარევის გარეშე", - ამბობს მამეიშვილი.
ინფორმაციისთვის, "დაფნას" ისტორია 2017 წლიდან თბილისში იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის ადგილად რჩება.