მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რესტორანი „დიარონი“ თბილისში პირველ ფილიალს ხსნის - ინვესტიცია ₾2 მილიონია

დიარონი

ზუგდიდში მდებარე პოპულარული რესტორანი „დიარონი“ გაფართოების ახალ ეტაპზე გადადის. მიმდინარე წელს კომპანია დედაქალაქში პირველი ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში ობიექტის მფლობელმა, მამუკა ნაყოფიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ახალი ობიექტი თბილისში, საბურთალოს ტერიტორიაზე განთავსდება. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და, გეგმის მიხედვით, რესტორანი სტუმრებს წლის ბოლომდე მიიღებს.

„თბილისში, კერძოდ საბურთალოს ტერიტორიაზე მალე ვაპირებთ ახალი ფილიალის გახსნას. მშენებლობა უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე ვგეგმავთ მის დასრულებას“, - აცხადებს მამუკა ნაყოფია.

ბიზნესმენის ინფორმაციით, თბილისის ფილიალი მასშტაბური იქნება და ის 200-ზე მეტ სტუმარზეა გათვლილი. პროექტი მოიცავს როგორც შიდა დარბაზს, ისე ღია სივრცეებს — ვერანდასა და ტერასას. რაც შეეხება კულინარიულ მიმართულებას, რესტორანი ერთგული დარჩება თავისი საფირმო ხელწერის, თუმცა მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

„გვექნება სივრცე 200-ზე მეტი სტუმრისთვის, ვერანდა, ტერასა და შიდა დარბაზი. ძირითადი აქცენტი მეგრულ კერძებზე იქნება, თუმცა სხვა მიმართულებების დამატებასაც ვგეგმავთ. ამ ობიექტის სრულად მოსაწყობად, უხეშად 2 მლნ ლარის ჩადებას ვგეგმავ“, - განმარტავს „დიარონის“ მფლობელი.

თბილისის პროექტის პარალელურად, კომპანია ზუგდიდში არსებული ობიექტის განვითარებაზეც მუშაობს. მამუკა ნაყოფიას თქმით, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე იგეგმება განთავსების ობიექტის სასტუმროს მოწყობა, თუმცა აღნიშნული პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება.

„ზუგდიდში გვინდა არსებული ობიექტის გაფართოება, სასტუმროს დამატება და სხვა სივრცეების განვითარება. პროექტი უკვე გვაქვს, თუმცა მისი განხორციელების ვადები ჯერ დაზუსტებული არ არის“, - აცხადებს ნაყოფია.

ინვესტორი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ „დიარონი“ სხვა რეგიონებშიც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი ფოკუსი დედაქალაქის ბაზარზე წარმატებული შესვლა და საბურთალოს ფილიალის ოპერირების დაწყებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები