ბარ-რესტორანი "ოტუნა" რომელიც საჩხერეში მდებარეობს, ტურისტულ ობიექტს მომავალი წლიდან სასტუმროს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას რესტორნის დამფუძნებელი, ბესიკ გულიაშვილი აცხადებს.
მისი ინფორმაციით, სასტუმრო რესტორნის უკან იქნება განთავსებული, რომელიც 10-12 ნომერს მოიცავს და ჯამში, 50 ადამიანამდე მასპინძლობას შეძლებს.
"სასტუმროსთვის შენობა უკვე აშენებულია. ახალა, მის სასტუმროდ გადაკეთებაზე ვმუშაობთ. ჯამში 10-12 ნომრისგან და ღია აუზისგან იქნება შემდგარი, რაც ჯამში დაახლოებით 500000 ლარის ინვესტიციას საჭიროებს. ნომერში განთავსების ღირებულება კი დაახლოებით 80-100 ლარის ფარგლებში იმერყევებს. ამასთან, ობიექტში დაახლოებით 10 ადამიანის დასაქმება იგეგმება",- აცხადებს გულიაშვილი.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე, ბიუროკრატიული პროცესების მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს და სექტემბრიდან, უშუალო სამუშაოების დაწყება იგეგმება.
სასტუმრო, ბარ-რესტორანი "ოტუნას" ქოლგის ქვეშ უნდა მოექცეს და ბაზარზე "ოტუნას" ბრენდის ქვეშ იქნება წარმოდგენილი.
ინფორმაციისთვის, ბარ-რესტორანი „ოტუნა“ საჩხერეში, ცენტრთან ახლოს სამი წელია ოპერირებს და მომხმარებელს ქართულ და ევროპულ კერძებს სთავაზობს. რესტორნის სრულად მოსაწყობად, შენობის მშენებლობის გარეშე დაახლოებით 200000 ლარის ინვესტიცია განახორციელეს. მასში ამ დროისათვის 14-მდე ადამიანია დასაქმებული.