მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„რეტკო“ რუსთავში, ვორქშოფების სერიას „რუსთავი Business იდენტობის ძიებაში“ იწყებს - რაზე გამახვილდება ყურადღება?

641c82623b3ab
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.23 10:19
970
„რუსთავი ბიზნეს იდენტობის ძიებაში“ - ამ სახელწოდებით, 25 მარტიდან მომდევნო ორი შაბათ-კვირის განმავლობაში, ქალაქ რუსთავში ვორქშოფების სერია გაიმართება. კერძო სექტორში დასაქმებული, ვორქშოფებით დაინტერესებული ადამიანების, რუსთავის მცხოვრებელთა და თავის სფეროში პროფესიონალი სპიკერების მთავარი სამსჯელო საკითხი, ისეთ ინდუსტრიულ ქალაქში როგორიც რუსთავია, ბიზნეს პერსპექტივების და შესაძლებლობების განსაზღვრა და ქალაქის მიმზიდველობის გაზრდა იქნება.

ღონისძიების ორგანიზატორი და იდეის ავტორი ელექტროენერგეტიკული კომპანია „რეტკოს“ დამფუძნებელი ზურაბ კაპანაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ ვორქშოფების მთავარი გზავნილია „ბიზნესი საზოგადოებისთვის და საზოგადოება ბიზნესისთვის“ და ის საინტერესო იქნება მათთვის, ვისთვისაც რუსთავის ეკონომიკური კულტურული და სოციალური განვითარება მნიშვნელოვანია.

ვორქშოფების სერიას 25 მარტს თემით „რუსთავი ბიზნეს იდენტობის ძიებაში“ სოციო-კულტურული ანთროპოლოგიის პროფესორი და რუსთავის კვლევის ავტორი თეა ქამუშაძე გახსნის;

1 აპრილის თემას „რუსთავის შესაძლებლობების ჭრილში ქალაქის ბრენდინგი“ მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი თორნიკე გურული გაუძღვება;

2 აპრილს HR და ორგანიზაციის განვითარების ექსპერტი სერგო ნოზაძე „ქალაქის განვითარებაში HR სტრატეგიის როლზე“ ისაუბრებს;

8 აპრილს დამსწრე საზოგადოების ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით ვორქშოფს ფინანსების ექსპერტი დავით პაპიაშვილი ჩაატარებს;

9 აპრილს კი საზოგადოების მდგრად განვითარებაში ბიზნესის როლზე CSR ექსპერტი ელენე ჩხეიძე ისაუბრებს.

ღონისძიებას ორი მთავარი მიზანი აქვს პრაგმატული, რომელიც რუსთავის განვითარების მთავარი ასპექტების აღმოჩენას და იდენტიფიცირებულ საკითხებზე ბიზნესის მხრიდან კონცენტრირებას შეეხება და მეორე - „რეტკოს“ ბიზნეს ინტერესები, საერთაშორისო ბიზნესად ჩამოყალიბების პროცესში, დასაქმებულთა გუნდში, რუსთავში მცხოვრები სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალების გაერთიანებაა. კომპანიაში ღონისძიების იდეაზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო და ამ ორი ძირითადი მიზნის მიღწევისთვის კომპანიამ 50 000 ლარის ფინანსური რესურსი მიმართა.
საზოგადოებისთვის ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კომპანია „რეტკომ“ სპეციალური გვერდი - events.retco.ge შექმნა. ორგანიზატორები თვლიან, რომ ერთ სივრცეში გაერთიანებული ინფორმაცია, ვორქშოფებზე განსახილველი ძირითადი თემების, სპიკერების და სხვა საჭირო თემების შესახებ, ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს სრულფასოვან შთაბეჭდილებას შეუქმნის და ამ საკითხების მიმართ ინტერესს გააღვივებს.

საქართველოში კომპანიების ხელმძღვანელთა დიდი ნაწილი კადრების მოძიების პრობლემებზე საუბრობს. პრობლემებზე, რომლებიც ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებენ. ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვაორგანიზებთ სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტას ეძღვნება. დღეს, კონკურენცია მაღალკვალიფიციურ კადრებზე იმდენად მაღალია, რომ უბრალოდ კონკრეტული ბენეფიტები არ მუშაობს და ადამიანებს ღირსეული ანაზღაურების და დაზღვევის გარდა სხვა რამ სჭირდებათ. ეს არის ისეთ საკითხებში თანამონაწილეობა, რაც მხოლოდ პიროვნულ, ან კომპანიის განვითარებას არ ეხება. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა ფორმატი, როდესაც შეიქმნებოდა თანაგანცდა, რომ სხვადასხვა კომპანიებში მუშაობით სწორედ რუსთაველები ქმნიან იმ გარემოს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ. ამ გარემოს კი განვითარება და მიმზიდველობა ესაჭიროება. ამიტომაც ვორქშოფების სერიას „ბიზნესი საზოგადოებისთვის და საზოგადოება ბიზნესისთვის“ დავარქვით, რაც იმას გულისხმობს, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქ რუსთავის ბრენდინგი. ამით რუსთაველებს დავაფიქრებთ რა შეიძლება იყოს ისეთი, რითაც რუსთავი ქალაქის ბრენდს შექმნის, რომელზეც ის დაფუძნდება, მეორე მხრივ კი ამ შეხვედრაზე მოსულებში ჩვენ შევძლებთ ვანახოთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ჩვენი კომპანია ბრენდინგის, მარკეტინგის, პიარის და ქოფირაითინგის მიმართულებით მუშაობას შეძლებს“, - ამბობს „რეტკოს“ დამფუძნებელი.

ელექტროენერგეტიკული კომპანია „რეტკო“ დღეისთვის 70 ადამიანს ასაქმებს და უახლოეს მომავალში დასაქმებულთა რაოდენობის 100-მდე გაზრდას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ კაპანაძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ვაკანსიით ადამიანების მიღება მათ შემთხვევაში ეფექტიანი არ იქნება. ამასთან ის თვლის, რომ რუსთავისა და საზოგადოების განვითარება მხოლოდ ერთი კომპანიის გაძლიერებით ვერ მოხდება, ამიტომაც 25 მარტიდან დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრება როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმებულებს შეეძლებათ.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში ბიზნესი თავის წილ პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს. ამიტომ გვინდა ერთად ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის განხორციელება. უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ჩვენთვის, ჩვენი ბიზნესფილოსოფიის ნაწილის გარდა პრაგმატულ მხარესაც მოიცავს. რადგან შეუძლებლად მიგვაჩნია, კუნძულის აშენება ერთი პატარა ლოკალური კომპანიის მაგალითზე თუ ირგვლივ შესაბამისი გარემო არ არის. ჩვენმა კომპანიამ ღირსეული ანაზღაურება რომ გადაუხადოს, ყველა პირობა შექმნას და დასაქმებულთა მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ამ ადამიანებს სამსახურის მიღმა აქვთ ცხოვრება და ესაჭიროებათ კინო, თეატრი, სკოლა, სალონი და ა.შ. თუ იმ ადგილზე, სადაც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ ეს არ იქნება, ისინი კომპანიას და ქალაქს მაინც დატოვებენ და ეს ჩვენ კომპანიაზეც უარყოფითად აისახება. ღონისძიების ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ვიმსჯელოთ საკითხებზე - რატომ ტოვებენ ადამიანები რუსთავს და მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება. თუ ადამიანები იფიქრებენ, რომ რუსთავში მაგალითად, კარგი სკოლის არსებობის შემთხვევაში ისინი აქედან არ წავიდოდნენ, ეს ბიზნესისთვის გამზადებული რეცეპტი იქნება, რომ ესა თუ ის საკითხი განახორციელოს. ბიზნესისთვის ეს იქნება ბიზნესი, საზოგადოებისთვის კი მათ გაძლიერებაში თანამონაწილეობა“, - განმარტავს ზურაბ კაპანაძე ღონისძიების მიზნებზე საუბრისას.

ვორქშოფების სერია თემით „რუსთავი იდენტობის ძიებაში“ გაიხსნება, რაც ორგანიზატორების აზრით, ახალ რეალობაში ინდუსტრიული ქალაქის ტრანსფორმაციის შესაძლებლობებსა და გზების განსაზღვრის შესაძლებლობას გააჩენს. ზურაბ კაპანაძე ამბობს, რომ რუსთავი ამ გარდაქმნით მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს, საიდანაც წარმატებული მცხოვრებლები კი არ გარბიან, არამედ რეგიონის ახალგაზრდებიც იქ დასაქმების სურვილით ჩადიან. ამ იდეის გარშემო კი ღონისძიების ორგანიზატორმა თავისი საქმის პროფესიონალები გააერთიანა. ვორქშოფების სპიკერების ნაწილმა მონაწილეობის სურვილი თავად გამოთქვა, რამეთუ თვლიან, რომ პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მათი მთავარი მიზანია.

უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ ვორქშოფზე დამსწრე საზოგადოებას კომპანია „რეტკოს“ ისტორიის და მისი განვითარების სტრატეგიის გაცნობის შესაძლებლობა ექნება. ზურაბ კაპანაძე თვლის, რომ რეგიონში მოქმედმა კომპანიამ, რომელიც დიდი დამსაქმებლის ბრენდს ახლა ქმნის, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად სხვადასხვა გზას უნდა მიმართოს. ის აღნიშნავს, რომ კომპანია ვორქშოფზე პოტენციური თანამშრომლობის მოძიების იმედიც აქვს, რაც საზოგადოებისთვის დამატებითი სიკეთის მომტანი იქნება.

კითხვაზე - რა შედეგებს ელიან ღონისძიების ორგანიზატორები, ზურაბ კაპანაძე პასუხობს, რომ მიზნების ნაწილის შესრულებაში დარწმუნებულები არიან.

„ჩვენი ამოცანა „რეტკოს“ საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა, ამისთვის კი განსაკუთრებულ ყურადღებას იძენს გუნდის გაძლიერება ქალაქ რუსთავში მაცხოვრებელი პროფესიონალებით. ვორქშოფების სერია, ჩვენთვის გარდა კომპანიის პოპულარიზაციისა, როგორც დამსაქმებლის ბრენდის მშენებლობის პროცესში გამოკვეთილად სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილიცაა. გვსურს, ქალაქის მცხოვრებელთათვის რეალურად ღირებული რაღაც შევქმნათ. ის, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰპოვებს ასახვას“, - აღნიშნავს ზურაბ კაპანაძე.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, ვორქშოფების თემების დეტალურად გაცნობა და დარეგისტრირება კომპანიის ღონისძიებების ვებგვერდ events.retco.ge -ზე შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები