საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა და აღნიშნეს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებითი დინამიკა.
"მინისტრმა ელჩს გააცნო სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის შუა დერეფნის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პროგრესი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტექნიკური გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობები და ინვესტიციების შესაძლო მიმართულებები,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, არსებული მდგომარეობით, საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვან ნაწილში მთავრობის კონტრაქტორები სწორედ ჩინეთის სახელმწიფო კორპორაციების შვილობილი კომპანიები არიან, რომლებიც ჩართული არიან როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში, ასევე ჩრდილოეთი-სამხრეთის ახალი გზის გაყვანაში.
ამ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება რამდენიმე მილიარდ ლარს აღემატება.




























