მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

RFE/RL-ს დაფინანსებას ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა მხარი დაუჭირეს - იოზვიაკი

ევროკავშირი

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, დღეს EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რადიო თავისუფლების დაფინანსების საკითხი განიხილეს, ამასთან დაკავშირებით ჩეხეთის პოზიციას კი ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა დაუჭირეს მხარი.

ამის შესახებ იოზვიაკი X-ზე წერს.

"დღეს EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა RFE/RL განიხილეს. ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა ჩეხეთის მხარდაჭერა გამოხატეს", - წერს იოზვიაკი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, სამწუხაროა, რომ აშშ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსებას წყვეტს, თუმცა ამბობს, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, ავტომატურად ჩაანაცვლოს ამერიკული დაფინანსება.

ამის შესახებ კაია კალასმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი განიხილებოდა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე. როგორც კალასმა აღნიშნა, ევროკავშირი განიხილავს, რისი გაკეთება შეუძლია.

„ის იყო დემოკრატიის შუქურა და ძალიან ღირებული ამ მხრივ. რა თქმა უნდა, სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ აშშ დაფინანსებას წყვეტს. ახლა ჩვენთვის კითხვა მდგომარეობს იმაში, შეგვიძლია თუ არა ჩვენი დაფინანსებით შევავსოთ ის სიცარიელე, რომელსაც აშშ ტოვებს? ამ კითხვაზე პასუხია, რომ ავტომატურად არ შეგვიძლია, რადგან გვყავს ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც მოდიან ჩვენთან ამავე თხოვნით, მაგრამ მართლაც იყო ბიძგი საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, რომ განგვეხილა ეს საკითხი და გვეპოვა გზა. ასე რომ, ეს არის დავალება ჩვენი მხარისთვის, ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“, – თქვა კალასმა.

შეგახსენებთ, 16 მარტს თეთრმა სახლმა ამერიკის ხმის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განცხადებას "რომელიც უზრუნველყოფს, რომ გადამხდელთა ფული აღარ დაიხარჯოს რადიკალური პროპაგანდის დაფინანსებაში".

14 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.

სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:

  • მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
  • აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (USAGM);
  • ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
  • სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
  • აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
  • თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
  • უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები