შეიარაღების წარმოების გერმანულმა გიგანტმა, Rheinmetall-მა ევროპაში ყველაზე დიდი საწარმო ქვემო საქსონიაში, უნთერლუსში გახსნა. პროექტის განხორციელებაზე €500 მილიონი ევრო, ანუ $585 მილიონი დოლარი დაიხარჯა. წლის ბოლომდე ობიექტი 25,000 საარტილერიო ჭურვს გამოუშვებს. 2027 წლისთვის კი, როცა ქარხანა სრულად ამუშავდება, წლიურად 350,000 საარტილერიო ჭურვის დამზადება იქნება შესაძლებელი.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ამინ პაპერგერი აცხადებს, რომ Rheinmetall-ის მიერ გახსნილი ეს ქარხანა მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი პროექტისა, რასაც “პანევროპული თავდაცვის ეკოსისტემა” დაერქმევა. არსებული ინფორმაციით, მსგავსი ზომის საწარმოების აშენებაზე მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, უკრაინასა და რუმინეთში უკვე დაწყებულია.
ევროპაში შეიარაღების ყველაზე დიდი საწარმოს გახსნას მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მათ შორის NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე და გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დაესწრნენ. მათმა ვიზიტმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ობიექტს ევროპული შეიარაღების ინდუსტრიისთვის. გერმანული კომპანიის მიერ მსგავსი მასშტაბის ქარხნის გახსნა პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთ-უკრაინის ომთან და იმ გამოწვევასთან, რასაც ევროპული უსაფრთხოებისთვის რუსეთი ქმნის.




























