მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„RIA-სთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან აქტიურად ვიმუშავეთ“ - სონღულაშვილი დაუშვილს პასუხობს

61b8ceef930d7
ვიქტორია მღებრიშვილი
14.12.21 21:03
893
ჩატარდა თუ არა აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების RIA ანუ რეგულირების გავლენის შეფასება? - ყოფილი ბიზნესომბუდსმენი და დღეს უკვე პარლამენტის წევრ მიხეილ დაუშვილის ამ შეკითხვას პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების სექტორზე გავლენის შესაფასებლად, მათ ყველა შესაბამის უწყებასთან იმუშავეს, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხთა მიმართებით იმდენად დიდია, რომ დარგის უკმაყოფილებას ფარავს.

„RIA-სთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ვიმუშავეთ, რათა მოცემულობა და სურათი ყოფილიყო - რა რისკებთან არის დაკავშირებული, როგორ იქნება სექტორზე ასახული და გადაწყვეტილებაც შესაბამისად მივიღეთ. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დაგიფიქსიროთ, რომ ეს მოცემულობაა, როდესაც საზოგადოების ინტერესი ბევრად უფრო ძლიერია ამ საკითხთან მიმართებით და ბევრად უფრო დიდია ამ გამოწვევისგან დაზიანებული ოჯახები. რა თქმა უნდა, სექტორი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ მეორე მხარეს საზოგადოების ინტერესი დიდია“, - განმარტა დავით სონღულაშვილმა.

მიხეილ დაუშვილი ასევე, დაინტერესდა, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის წევრების სახელით იმიტომ ხომ არ დარეგისტრირდა, რომ მთავრობას საკითხი რეგულირების გავლენის შეფასების მიღმა განეხილა, ვინაიდან მართალია, ცვლილებები მთავრობის მიერ იყო დაანონსებული და კანონპროექტიც, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა, მაგრამ მის ავტორებად „ქართული ოცნების“ დეპუტატები - დავით სონღულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გელა სამხარაული და სხვა პირები არიან მითითებულნი.

როგორც ცნობილია, ამჟამად რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) გავლა კი მხოლოდ მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზეა აუცილებელი, ხოლო პარლამენტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტებზე RIA-ს მომზადება სავალდებულო არაა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გუშინ დარეგისტრირდა ამ ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვაც ბიუროს გადაწყვეტილებით არა - ჩვეულებრივი, არამედ დაჩქარებული წესით მოხდება და ის ძალაში უკვე 2022 წლის იანვრიდან უნდა შევიდეს. ვრცლად კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები