მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აზარტული თამაშების კანონპროექტზე RIA ჩატარდა?" - მიხეილ დაუშვილის ეჭვები

61b896049cdd3
მარიამ ვარადაშვილი
14.12.21 17:00
1142
ჩატარდა თუ არა აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების RIA ანუ რეგულირების გავლენის შეფასება? - ამ საკითხით ყოფილი ბიზნესომბუდსმენი, პარლამენტის წევრი მიხეილ დაუშვილი დაინტერესდა და შესაბამისი კითხვით პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილს მიმართა.

ასევე, მიხეილ დაუშვილი დაინტერესდა, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის წევრების სახელით იმიტომ ხომ არ დარეგისტრიდა, რომ მთავრობას საკითხი რეგულირების გავლენის შეფასების მიღმა განეხილა.

საქმე ის არის, რომ მართალია, ცვლილებები მთავრობის მიერ იყო დაანონსებული და კანონპროექტიც, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა, მაგრამ მის ავტორებად „ქართული ოცნების“ დეპუტატები - დავით სონღულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გელა სამხარაული და სხვა პირები არიან მითითებულნი.

როგორც ცნობილია, ამჟამად რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) გავლა მხოლოდ მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზეა აუცილებელი, ხოლო პარლამენტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტებზე RIA-ს მომზადება სავალდებულო არაა.

“რამდენადაც მახსოვს, აზარტული თამაშების რეგულირების ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის და ახლა ამის პარლამენტარების ავტორობით ინიცირება, სავარაუდოდ, იმიტომ ხდება, რომ RIA-თვის აგვერიდებინა თავი. აქედან გამომდინარე, კითხვა მაქვს - თუ ჩატარდა რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) და თუ შეიძლება, გაგვიზიაროთ შედეგები; ხოლო თუ ჩატარებული არ არის, რატომ არ ვატარებთ RIA-ს, რადგან მახსოვს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ საპარლამენტო ინიციატივებზე, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნესში ჩართულ მხარეებზე, RIA-ს ვალდებულება უნდა გავრცელებულიყო. მაინტერესებს რატომ არ ვაკეთებთ RIA-ს და რატომ არ არის ეს მნიშვნელოვანი?!”, - იკითხა მიხეილ დაუშვილმა.

ყოფილი ბიზნესომბუდსმენი და მოქმედი დეპუტატი ასევე დაინტერესდა, როგორ აპირებს მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს უცხოურ საიტებზე თამაში შეუზღუდოს, მაშინ როცა ამას, მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებული ქვეყანა ვერ ახერხებს. ამასთან, კანონპროექტის ავტორებმა ხომ არ გამოითხოვეს გასულ ან მიმდინარე წლებში საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოურ საიტებზე გადარიცხული თანხების მოცულობა და როგორ აპირებს მთავრობა, რომ მოქალაქეებს უცხოურ პლატფორმებზე ფულის გადარიცხვა შეუზღუდოს.

მიხეილ დაუშვილმა ასევე იკითხა, როგორ უზრდის მთავრობა აზარტული თამაშის სექტორს საგადასახადო ტვირთს „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ პირობებში და ითვალისწინებს თუ არა მთავრობა რისკებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანიის ინვესტორი სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას დაიწყებს.

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში აზარტული თამაშების მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 25 წლამდე ზრდის, ასევე საჯარო მოხელეებს და სოცდაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს. ჯამში, ეს შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.

ასევე, ონლაინ-თამაშების ოპერატორებისთვის სრულად იცვლება საგადასახადო ბაზა და ის არსებულთან შედარებით 65%-70%-ით ფართოვდება, თუმცა მომხმარებლისთვის თამაშების აკრძალვის გამო, მოთამაშეთა მთლიანი რაოდენობა შემცირდება, რის გამოც მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ გაზრდილი გადასახადების ფონზე, სექტორიდან ბიუჯეტში შესული თანხები, დაახლოებით, უცვლელ დონეზე (300-400 მლნ ლარზე) შენარჩუნდება. კიდევ ერთი რეგულაცია აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვას უკავშირდება.

პარლამენტში გუშინ დარეგისტრირდა ამ ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვაც ბიუროს გადაწყვეტილებით არა - ჩვეულებრივი, არამედ დაჩქარებული წესით მოხდება და ის ძალაში უკვე 2022 წლის იანვრიდან უნდა შევიდეს. ვრცლად კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები