პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რიგ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით საქმე ბოლომდეა მიყვანილი და მალე ამ საკითხებზე ანონსიც გაკეთდება, თუმცა ირაკლი კობახიძეს კონკრეტული პროექტები არ დაუსახელებია.
მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა აგრძელებს მუშაობას ქვეყნის განვითარებისთვის და "ეს არის საქართველოს მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობა და ამოცანა".
მთავრობის მეთაურის თქმით, გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც განხილული იყო სამთავრობო პროგრამით განსახორციელებელი პროექტების დეტალები.
„განვიხილეთ კონკრეტული მეგაპროექტების დეტალები, რომლებიც არის დაანონსებული და უნდა განხორციელდეს შემდეგი წლების განმავლობაში. ასევე ვმუშაობთ ძალიან საინტერესო საინვესტიციო პროექტებზე. მთელ რიგ შემთხვევებში საქმე უკვე ბოლომდე არის მიყვანილი და ძალიან მალე ანონსიც გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.