მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის მაგისტრალის დამატებითი 12 კმ გაიხსნა

რიკოთი
22.10.24 20:22
672

რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, ტრანსპორტი რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით ისარგებლებს.

რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთზე მიმდინარეობდა. ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის სრულად გახსნილი იქნება 3 მონაკვეთი (ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი-არგვეთა) და პირველი (ჩუმათელეთი-ხევის) 11 კმ-იანი მონაკვეთის 7 კმ. მათ შორის, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ისტორიული, ახლად რეაბილიტირებული გვირაბით და მისი პარალელური ახალი გვირაბით.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით. ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4-ზოლიანი გზის 48 კმ-ით, 49 გვირაბითა და 88 ხიდით.

სამინისტროს ცნობით, ჩუმეთელეთი-ხევის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება ინტენსიური სამუშაოები. დასკვნით ეტაპზეა ფერდების, მათ შორის, 149-ე კმ-ზე მდებარე ფერდის სტაბილიზაციის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება გზის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება გზის ვაკისის მოწყობა და კლიმატური პირობების შესაბამისად, ტექნოლოგიური პარამეტრებისა და მოთხოვნების აუცილებელი დაცვით, დაიგება გზის საფარი. გზის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია.

რიკოთის გახსნილი 48 კმ-იანი მაგისტრალური გზა 8 კმ-ით ამცირებს მგზავრობის მანძილს და სულ მცირე ანახევრებს გადაადგილების დროს. ახალი გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით.

საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მსოფლიო ბანკისგან (WB) მიღებული სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები