ირაკლი ქარსელაძემ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც მათ შორის, რიკოთთან დაკავშირებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ოპონენტები ორი სხვადასხვა დანიშნულების შესყიდვის ფორმას ერთმანეთში ურევენ. რაც შემდეგნაირად განმარტა:
"ჩვენი ოპონენტები ორ სხვადასხვა დანიშნულების შესყიდვის ფორმას ერთმანეთში ურევენ. არადა, მკაფიოდ ვთქვით, რომ ხარისხზე დაფუძნებული 80-20-ზე პრინციპით, საზედამხედველო, საპროექტო და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა ხდება. ხოლო, სამშენებლო შესყიდვისთვის ტარდება „ღია საერთაშორისო ტენდერი“, სადაც გამარჯვებულად გამოვლინდება კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს და აქვს ყველაზე ფასი.
ოთხივე კომპანია, რომელიც გამოცხადდა გამარჯვებულად რიკოთის ტენდერში და რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება, სრულად აკმაყოფილებდა სატენდერო კრიტერიუმებს, მოთხოვნებს და არ ირიცხებოდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სანქცირებულთა სიაში,"- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მან ასევე ღნიშნა, რომ რიკოთზე გაფორმებულია FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულებები და ეს არ არის სახელმწიფო შესყიდვის ტიპიური ხელშეკრულება. ეს არის საერთაშორისო შესყიდვა და არ არის კავშირში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან. პროექტზე, რომელიც ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, ფორმდება FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულება. ხელშეკრულება შემუშავებულია 1913 წელს ჟენევაში დაარსებული და მოქმედი საერთაშორისო
ინჟინერთა ასოციაციის მიერ. ხელშეკრულების ეს ფორმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სატენდერო დოკუმენტაციის შემადგენელი ნაწილია. ამავე ხელშეკრულების ზოგადი პირობების 15.2 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში წყდება ხელშეკრულება და რა საფუძველით. კომპანიის სანქცირება, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არ არის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. მინისტრის თქმით, რიკოთზე მომუშავე კომპანიები, არც 10 აგვისტოს მდგომარეობით
საფინანსო ინსტიტუტების მიერ სანქცირებულთა სიაში არ იმყოფებიან.
მინისტრი, ასევე, შეეხო გარემოსდაცვითი აუდიტის თემებს და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ფინანსურ და ტექნიკურ აუდიტთან დაკავშირებულ თემებზე, ოპონენტებმა მოისმინეს არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხები, წამოჭრეს გარემოსდაცვითი აუდიტის თემები.
"იმისთვის, რომ დარწმუნდეთ გარემოსდაცვის მიმართულების უწყვეტი მექანიზმის არსებობაში, პროექტის დაწყებიდან დღემდე, ვეცდები მოკლედ მოგახსენოთ : რიკოთის ოთხივე მონაკვეთზე მომზადებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული გზშ. გზშ-ები მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნების შესაბამისად. ოთხივეს ჩაუტარდა აუდიტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაქირავებული კონსულტანტების მიერ. შემდეგ კი, დამტკიცდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. გზშ-ები საჯარო და ხელმისაწვდომია, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ვებ გვერდებზე’’-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმითვე, გარემოსდაცვითი მიმართულებით, პროექტში ჩართულია 23 ექსპერტი, კონტრაქტორებისა და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის გარემოს დაცვის სპეციალისტები, დეპარტამენტისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელი გარემოსდაცვის კონსულტანტები და სპეციალისტები.