მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთის ყველაზე გრძელი - 1800 მ-იანი გვირაბი გაიჭრა

რიკოთის გვირაბი

რიკოთის უღელტეხილზე ქვეყანაში ჯერჯერობით ყველაზე გრძელი - 1,800 მეტრის სიგრძის საავტომობილო გვირაბი გაიჭრა - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქვეყნებს. ახალი გვირაბი რიკოთის 1,722 მეტრის სიგრძის არსებული გვირაბის პარალელურად მდებარეობს.

“მნიშვნელოვანია ამ გვირაბის გაჭრა, ვინაიდან ახალ გვირაბში მოძრაობის გადართვის შემდეგ შესაბამისი სამუშაოები დაიწყება ძველ, არსებულ გვირაბში. ახალი გვირაბის საბოლოო მოსახვის სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, მოეწყობა საფარი, დასრულდება საინჟინრო და ელექტრო ქსელების მონტაჟი, რის შემდეგაც გვირაბში გაიხსნება ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, რიკოთის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.

ამავე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო ახალ, 2.4 კმ-იან გზაზე. ძველ საგზაო მონაკვეთზე კი, გაგრძელდება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები.

მინისტრის თქმით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს 33 ფერდზე. ასევე, დაწყებულია სატენდერო პროცედურები 149-ე კმ-ზე, მიმდინარე წლის დასაწყისში, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პოტენციური მეწყრული უბნის სტაბილიზაციის სამუშაოების ჩასატარებლად.

„149-ე კილომეტრზე, წლის დასაწყისში, მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი იქნა მეწყრის პოტენციური კერა ძველ გზასთან 200 მეტრის მოშორებით, რის გამოც გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და დაწესდა სპეციალური რეჟიმი. ღონისძიებები გრძელდება იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში გაუქმდეს რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ტრანსპორტისთვისაც. პარალელურად კი, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები აღნიშნული ფერდის დამუშავებისთვის საჭირო სამუშაოებზე, რაც არ იყო გათვალისწინებული არც პროექტით და არც სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე 22 ახალი ხიდი და 3 გვირაბი ეწყობა. პროექტის ღირებულება 330 მილიონი ლარია და მას ჩინური კომპანია China State Construction Engineering Corporation Limited-ი აშენებს. კომპანიასთან ხელშეკრულება 2019 წლის 21 აგვისტოს გაფორმდა და მას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებდნენ.

ამ დროისათვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50 გვირაბი და 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 83 ხიდი. აქედან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან, 4 ზოლიან მონაკვეთზე სოფელ ხევიდან და დაბა შორაპნამდე. ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს, რომელმაც რიკოთზე გადაადგილების მანძილი 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით უკვე შეამცირა. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და მსოფლიო ბანკთან (WB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს.

საერთო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 60%-ზე მეტი (261 კმ) ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალური გზის 81 კმ-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები