მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიკოთზე, 149-ე კმ-ის ფერდზე დინამიკაში ცვლილებები არ შეინიშნება - გზების დეპარტამენტი

რიკოთი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან, 12 ოქტომბრიდან, რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილებისათვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება. როგორც გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი აღნიშნავს, დღეიდან მსუბუქ ავტომობილებს აღნიშნულ მონაკვეთზე დღის ნებისმიერ დროს შეეძლებათ გადაადგილება, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება.

“დღეიდან რიკოთის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები უქმდება მსუბუქი ავტომობილებისათვის, მათ გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლებათ. 

რაც შეეხება სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს, მათთვის შეზღუდვები კვლავ რჩება, თუმცა ეზრდებათ გადაადგილების დრო. მათ გადაადგილება შეეძლებათ 21:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე”, - ამბობს გიორგი წერეთელი.

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მას შემდეგ დაწესდა, რაც თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე ნაპრალები დაფიქსირდა. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზაფხულის შემდეგ მოძრაობის ინტენსივობის კლება და 149-ე კმ-ის ფერდზე მიმდინარე მონიტორინგი სპეციალური რეჟიმის გაუქმების წინაპირობა იყო.

“აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მონიტორინგი, როგორც ინტენსივობაზე, ისე 149-ე კმ-ის ფერდზე.

ინტენსივობა საგრძნობლად დაკლებულია ზაფხულთან მიმართებით. რაც შეეხება 149-ე კმ-ის ფერდს, მასზე უკვე საპროექტო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები. მთელი ამ ხნის განმავლობაში აღნიშნულ ფერდზე მიმდინარეობდა მონიტორინგი, დაკვირვება და დინამიკაში ცვლილებები არ შეინიშნება”, - ამბობს გიორგი წერეთელი.

სპეციალური რეჟიმი რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საგზაო მონაკვეთზე 24-საათიანი მონიტორინგი გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები