მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რის მიხედვით ფასდება დეპუტატის საქმიანობა? - ეკა ციმაკურიძის განმარტება

5f29679f1375e
ინგა მურუსიძე
04.08.20 19:00
1531
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში, 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია. გარდა ამისა, კვლევის თანახად, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სადეპუტატო კითხვის გამოყენება, 2019 წელს პარლამენტის 41-მა წევრმა გაუგზავნა 925 წერილობითი კითხვა აღმასრულებელ ხელისუფლებას და სხვა ანაგრიშვალდებულ პირებს;

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მოუსმენია.

„დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია და მინახავს სხვა ევროპული პარლამენტების შემთხვევაში, ამიტომ მე ვთხოვდი ყველას, ვინც დაინტერესებულია პარლამენტის საქმიანობის შეფასებით, დეპუტატები მექანიკურად კი არ დათვალონ, არამედ ნახონ რას აკეთებენ ეს ადამიანები იმ საზოგადოებაში, სადაც ისინი აირჩიეს“, - თქვა თალაკვაძემ საკითხის კომენტირებისას.

რა კრიტერიუმებით უნდა ფასდებოდეს სადეპუტატო საქმიანობა და არის თუ არა მნიშვნელოვანი თუნდაც სიტყვით გამოსვლები პარლამენტში და როგორია დეპუტატის საქმიანობის შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა, ამის შესახებ bm.ge "დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" ხელმძღვანელს, ეკა ციმაკურიძეს ესაუბრა:

„ინდივიდუალური დეპუტატების მუშაობა განაპირობებს მთლიანად პარლამენტის მუშაობის ეფექტურობას. ჩვენ, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“, ვამონიტორინგებთ საპარლამენტო საქმიანობას. ის, რაც 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე ვნახეთ, იყო მოცემულობა, როცა 10 გამოწვევიდან, რომელიც თავად პარლამენტმა დაასახელა, მხოლოდ 3-ზე იქნა სრულად გაცემული პასუხი, 4 - ნაწილობრივ შესრულდა და დანარჩენ შემთხვევებში საერთოდ ვერ შესრულდა. ინდივიდუალური დეპუტატების პასიურობას რა თქმა უნდა გავლენა აქვს პარლამენტის მუშაობის ეფექტურობაზე. ასევე, ინდივიდუალური პარლამენტარის საქმიანობა ფასდება იმის მიხედვითაც, მონაწილეობს თუ არა დეპუტატი პოლიტიკურ დებატებში და გამოდის თუ არა სიტყვით პარლამენტში“, - განაცხადა ციმაკურიძემ.

ციმაკურიძე სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს ასევე ინფორმაციის ნაკლებობას ამა თუ იმ დეპუტატის საქმიანობაზე.

„რაც შეეხება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად დიდი ბრიტანეთის, ამერიკის, საფრანგეთის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტებს თავიანთ გვერდებზე შექმნილი აქვთ დეპუტატების პროფილები, რომლებიც შეიცავს სრულ ინფორმაციას თითოეული დეპუტატის საქმიანობის შესახებ, მათ შორისაა ინიცირებული კანონპროექტები, სხვა ტიპის ინიციატივები, გაგზავნილი სადეპუტატო კითხვები, ასევე, დეპუტატის პროფილზე გამოქვეყნებულია თითოეული მისი სიტყვით გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი. ამით ამომრჩევლისთვის ძალიან ადვილია იმის დანახვა, თუ რას აკეთებს დეპუტატი თავისი მანდატის ფარგლებში. ამიტომ ნებისმიერი საკითხი, რაც უკავშირდება ინდივიდუალური დეპუტატის საქმიანობას, მათ შორის მისი აქტიურობა პლენარულ სხდომებზე გამოსვლის სახით, არის დაკვირვების საგანი. ეს არის ასევე სტიმული დეპუტატებისთვის, ამომრჩეველს დაინახონ, რომ ნამდვილად რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებენ“, - განახადა ციმაკურიძემ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ამბობს, რომ დაკვირვების შედეგად შეუძლია თქვას, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების ნაწილს საერთოდ არ აქვს მონაწილეობა მიღებული საკანონმდებლო საქმიანობაში, საზედამხედველო კუთხით არ ითხოვენ მაგალითად რაიმე საგამოძიებო კომისიის, ან სამუშაო ჯგუფის შექმნას და ა.შ.

ეკა ციმაკურიძის თქმით, არიან დეპუტატები, განსაკუთრებით მაჟორიტარები, რომლებსაც მხოლოდ ერთი აქტივობა აქვთ და ისიც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას ეხება.

„პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული დეპუტატის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი, რაც იქნება სტიმული თითოეული დეპუტატისთვის - გააქტიურდნენ და ასევე, ამომრჩევლებისთვის გახდება ცნობილი, თუ ვინ რას საქმიანობას“, - ამბობს ციმაკურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები