„კომუნალური სერვისების სუბსიდირებამ CPI ინფლაციის შემცირება გამოიწვია”, - წერია Galt&Taggart-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც ინფლაციის უახლეს მაჩვენებლებს მიმოიხილავს.
როგორც საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ძირითადი მიზეზი კომუნალური გადასახადების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამა იყო, რაც წლიურ ინფლაციაზე, საერთო ჯამში, -1,94 პროცენტული პუნქტით აისახა.
აღსანიშნავია, რომ კომუნალურების სუბსიდირების პროგრამის გავლენაზე თავად საქსტატიც მიანიშნებს ინფლაციის მიმოხილვაში. “საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 21.7%-იანი კლება, რაც -1.94 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5%) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.1%). აღნიშნული ცვლილება განპირობებულია „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების“ ძალაში შესვლით“, - წერს სტატისტიკის ეროვნული სამსახური თავის მიმოხილვაში.
თუმცა Galt&Taggart-ში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ საქსტატმა კომუნალური გადასახადების სუბსიდიების ეფექტი გაზაფხულზე და ასევე, ნოემბერში ინფლაციის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინა.
საქმე იმაშია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, აბონენტებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ, სახელმწიფო ზამთრის განმავლობაშიც უფარავს კომუნალურ გადასახადებს. საუბარია ნოემბერ-დეკემბერ-იანვარ-თებერვლის პერიოდზე. სუბსიდირების აღინშნული პროგრამისთვის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 165 მლნ ლარი ჩაიდო.