საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება. მათივე ცნობით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 0.6% შეადგინა, რასაც საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. ადგილობრივი ინფლაცია კი შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და ივნისში ის 8.5%-ს გაუტოლდა. წლის განმავლობაში, მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი.
იქიდან გამომდინარე, რომ ივნისის წლიური ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია, ხოლო ადგილობრივი ინფლაცია მაღალ მაჩვენებელზე რჩება bm.ge-მ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ჰკითხა, რისგან შედგება დღეს ადგილობრივი 8.5%-იანი ინფლაცია და რა ახდენს მასზე გავლენას?
ნათია თურნავამ განმარტა, რომ ადგილობრივი ინფლაცია შემცირების ტენდენციით ხასიათდება და წლის ბოლომდე მიზნობრივი 3%-ის ფარგლებში დასტაბილურდება, რასაც მარეგულირებელი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან მცირე ბიჯებით გამოსვლით უზრუნველყოფს.
„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტად საყურადღებო და პრაქტიკული დატვირთვის მქონეა საერთო წლიური ინფლაციის მონაცემები, რომელიც კლებადია და ჩვენც მიზნობრივ ინფლაციაზე 3%-ზე ბევრად ნაკლებია და ივნისში 0.6%-ს შეადგენს.
რადგან ჩვენი მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი წარმოებს პროდუქტები, ასევე იმპორტული პროდუქციაც და ჩვენ ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვართ და ვაჭრობა ძალიან აქტიურად გვაქვს, მათ შორის იმპორტული საქონელს აქვს მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი როლი. მნიშვნელოვანია რომ მყარი ლარის ფონზე იმპორტული ინფლაცია, რომელიც დაკავშირებულია იმპორტირებული საქონლის ფასებთან, შემცირებულია, ანუ კი არ იზრდება ფასები, არამედ ფიზიკურადაც მცირდება.
ჩვენი მოქალაქეებისთვის შეგვიძლია რამდენიმე პროდუქტი ვახსენო - წლის განმავლობაში პერიოდულად საწვავის ფასი რამდენჯერმე შემცირდა, რაც პირდაპირ კავშირშია ორ ფაქტორთან - მსოფლიო ბაზარზე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასის შედარებით შემცირებასთან, იმ შოკის შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შარშან იყო და მეორე ფაქტორი ეს ეროვნული ვალუტაა; ფასები შემცირდა ასევე მთელ რიგ პროდუქტებზე, მაგალითად ზეთი, რომელიც სამომხმარებლო კალათაშია, სხვა საკვებ პროდუქტებზე სეზონურზე და არასეზონურზე. როდესაც ჩვენ ინფლაციის ფასების დეკომპოზიციას სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ვახდენთ, მნიშვნელოვანი წილი აქ მედიკამენტების ფასების შემცირებას, მთელ რიგ მედიკამენტებზე, ამ სფეროში გატარებული ზომების შედეგად, გაზრდილი კონკურენციის და ბაზრის გახსნის შედეგად ფასები შემცირებულია. ეს არის ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და მრავალი სხვა.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობისთვის ინფლაციის პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია. ჩვენს პრესრელიზშიც აღნიშნული იყო, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე დაბალი იქნება, ეს ტენდენცია გაგრძელდება და 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3%-ის ირგვლივ დაკონცენტრირდება“, - განაცხადა თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იმასაც ამბობს, რომ მარეგულირებლის როლი ამ შემთხვევაში არსებული მდგომარეობის პოლიტიკური სტატუს-კვოს შენარჩუნებაა.
„ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ტემპებზე, რადგან ვხედავთ, რომ ადგილობრივი საქონლის ინფლაციაც ასევე მოჰყვება იმპორტირებული საქონლის ფასის შემცირების ტემპს, უბრალოდ გვინდა დავინახოთ, რომ ეს შემცირება სწრაფი ტემპით მოხდეს. აქედან გამომდინარე ჩვენი ნაბიჯებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებით გვინდა შევინარჩუნოთ ის პოლიტიკური სტატუს-კვო, რაც დღეს გვაქვს ეკონომიკაში. ვგულისხმობ ინფლაციის შემცირებას და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის დადებითი ბალანსია, თუმცა ჩვენგან ფრთხილ ნაბიჯებს მოითხოვს, რომ ეს კარგი სტატუს-კვო რამენაირად არ იყოს შეცვლილი“, - განმარტა თურნავამ.