დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ლეიბორისტული პარტია ლიდერობს, რომელმაც ხმების 35% მოიპოვა. BBC-ის ცნობით, კონსერვატიულმა პარტიამ ამომრჩეველთა 24%-ის მხარდაჭერა მიიღო, ლიბერალ-დემოკრატებმა - 12%, რეფორმისტებმა - 15%, მწვანეებმა - 7%. არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ბრიტანეთის მთავრობას კონსერვატიული პარტია დატოვებს და ლეიბორისტული ჩაიბარებს. ეს იქნება ლეიბორისტული პარტიის პირველი მოგება ეროვნულ არჩევნებში 2005 წელს ტონი ბლერის გამარჯვების შემდეგ.
მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი პრემიერი გახდება, რომელიც პარლამენტში მანდატს დაკარგავს. ამასთან, ნავარაუდევია, რომ მომდევნო მთავრობა ლეიბორისტული პარტიის წევრებით დაკომპლექტდება.
როგორც BBC წერს, რიში სუნაკმა კონსერვატიული პარტიის ისტორიულ მარცხზე პასუხისმგებლობა აღიარა.
"ბრიტანელმა ხალხმა სამწუხარო ვერდიქტი გამოიტანა. აქედან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მე ვიღებ პასუხისმგებლობას მარცხზე", - განაცხადა რიში სუნაკმა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კეირ სტარმერმა კი, რომელიც მთავარ ოპოზიციურ პარტიას 2020 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ "ცვლილებები ახლა იწყება".
ლეიბორისტები პირობას დებენ, რომ გააუმჯობესებენ ურთიერთობას ევროპასთან, გადასახადებს დააკისრებენ კერძო სკოლებს და აკრძალავენ შიდა წვის ძრავის მქონე, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს.
აღსანიშნავია, რომ კონსერვატიული პარტია გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებაში 14 წელია დგას და საკუთარ თავს ხშირად მიიჩნევს ბრიტანელი ხალხის “ბუნებრივ” არჩევანს. თუმცა ხალხის აზრის კვლევა აჩვენებს, რომ პარტიამ, შესაძლოა, მანდატების ⅔-ზე მეტი დაკარგოს, რაც დრამატული ცვლილებაა 2019 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც კონსერვატიულმა პარტიამ, ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით, ხმათა უმრავლესობა მოიპოვა - დაპირება ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესის საბოლოო დაგვირგვინება იყო.