მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რისი გაკეთება იგეგმება ქუთაისში? - ირაკლი კობახიძის თქმით, ქუთაისზე ზრუნვა "ოცნების" პრიორიტეტად რჩება

ირაკლი კობახიძე

"ქუთაისზე ზრუნვა დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად," - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როცა იგი ქუთაისში დღეს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

როგორც ის ამბობს, ქუთაისის აეროპორტში მოეწყობა ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.

ასევე, ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ გაშენდება დიდი სკვერი, რომელიც ქუთაისელებს და ქუთაისის სტუმრებს უმასპინძლებს.

ირაკლი კობახიძე ასევე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ამბიცია აქვს ქუთაისი ნამდვილ საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაიქმნას.

„დავათვალიერეთ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამუშაოები. აქ მოეწყობა ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საქართველოში, რომელსაც ყველა ზომის ხომალდების მიღება შეეძლება. ასევე სხვა მიმართულებითაც ვითარდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა. დეტალურად გავეცანით პროექტის მიმდინარეობას. ყველაფერი კეთდება დაგეგმილ ვადებში და საბოლოო ჯამში, ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის თვისებრივად გაზრდას. ყველაზე მზარდია მგზავრთნაკადის თვალსაზრისით ქუთაისის აეროპორტი და ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტით ხელი უნდა შევუწყოთ მგზავრთნაკადის კიდევ უფრო გაზრდასა და აეროპორტის სისტემურ და სისტემატურ განვითარებას.

ჩვენ ასევე მოვინახულეთ ყოფილი პარლამენტის შენობა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ტექნოლოგიური ჰაბი და იქაც დავათალიერეთ მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც ასევე ვადებში ხორციელდება. გვინდა, რომ ყოფილი პარლამენტის შენობის გარშემო განვითარდეს არსებული სივრცე სხვადასხა კუთხით, მათ შორის ჩვენ დაანონსებული გვქონდა ჯერ კიდევ შარშან, რომ აშენდება ახალი სპორტის სასახლე ქუთაისში და უკვე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ამ მიმართულებით. მომავალ წელს დაიწყება უშუალოდ სამუშაოები და განსაზღვრულ ვადებში ქუთაისი მიიღებს ახალ სპორტის სასახლეს. ქუთაისზე ზრუნვა დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

ამასთან ერთად, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, ქუთაისის ნამდვილ საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაქმნასთან დაკავშირებით. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა გვინდა ავაშენოთ ქუთაისში. ჩვენ გვინდა, ათი ათასობით სტუდენტი მიიღოს საბოლოო ჯამში ქუთაისმა და ეს ხელს შეუწყობს ქუთაისისთვის ახალი ფუნქციის შეძენას, ქუთაისის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები