თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია დღეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის აქტიური განხილვის საკითხია. 2022 წელს ლონდონის ექიმების სამეფო კოლეჯში (Royal College of Physicians (RCP) გამართული “ელ. სიგარეტების სამიტის” ფარგლებში, ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიების, საკანონმდებლო რეკომენდაციებისა და საკუთარი ქვეყნის გამოცდილების შესახებ მსჯელობდნენ.
სამიტის ფარგლებში, Flemish Institute for Healthy Living-ის წარმომადგენელმა, სტეფან ჰენდრიქსმა რისკზე დაფუძნებული რეგულირების შესახებ ისაუბრა და ამ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორიას ბელგიაში ჩატარებული სამეცნიერო მიმოხილვის შედეგები გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ ბელგიაში, თამბაქოს პანდემიასთან ბრძოლისათვის 2020-2022 წლებში, ბელგიის უმაღლესმა ჯანდაცვის კომისიამ ჩაატარა დეტალური მიმოხილვა და კონსულტაცია ელ. სიგარეტების შესახებ, რომლის მიზანი თამბაქოს კონტროლის პოლიტიკისთვის ახალი გზამკვლევისა და რეკომენდაციების შემუშავება იყო.
ორი წლის განმავლობაში, ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტები - ტოქსიკოლოგები, პნევმოლოგები, ონკოლოგები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები და სხვა. შედეგად, მეცნიერებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა საყოველთაო ჯანდაცვის ხელშეწყობასა და თანასწორ ხელმისაწვდომობას.
“დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მართალია, ელ. სიგარეტები არ არის სრულიად უსაფრთხო და მათი მოხმარება არ არის რეკომენდებული არამწეველთათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, თუმცა, მწეველთათვის ისინი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენენ”, - ამბობს სტეფან ჰენდრიქსი.
აღსანიშნავია, რომ ბელგიაში ელ. სიგარეტები ტრადიციული თამბაქოს კატეგორიაში ხვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათზე ერთნაირი საკანონმდებლო ჩარჩო ვრცელდება - აკრძალულია პროდუქტის რეკლამირება, დახურულ, საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეში მისი მოხმარება, და ა.შ.
თუმცა, სტეფან ჰენდრიქსი აღნიშნავს, რომ რისკების პარალელურად, მნიშვნელოვანია ყურადღების შესაძლებლობებზე გამახვილებაც.
“ასეთია შემუშავებული დოკუმენტის მთავარი რეკომენდაციაც - ელ. სიგარეტების შემთხვევაში თანასწორი ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც რისკების, ასევე პოტენციალის შეფასებას”, - ამბობს სტეფან ჰენდრიქსი.
სამეცნიერო კვლევების თანახმად, თამბაქო შეიცავს დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ნივთიერებას, ელ. სიგარეტები კი ტრადიციული თამბაქოს პროდუქტებთან შედარებით ნაკლები ზიანის შემცველია. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ მწეველი მოიხმარს მხოლოდ ელ. სიგარეტს, მაშინ შესაძლებელია ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის მნიშვნელოვნად შემცირება.
“ელ. სიგარეტს გააჩნია პოტენციალი, გახდეს მოწევისთვის თავის დანებების ხელშემწყობი ინსტრუმენტი, თუმცა, იდეალურ შემთხვევაში, რეკომენდებულია მისი მოკლევადიან პერიოდში მოხმარება”, - აღნიშნავს პანელისტი.
დოკუმენტის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, ერთი მხრივ, უნდა მოხდეს არამწეველთა და ახალგაზრდების დაცვა მოწევისა და ელ. სიგარეტების მოხმარებისგან. თუმცა, მეორე მხრივ, მწეველებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ნაკლები ზიანის შემცველი ალტერნატივების შესახებ.
შეიძლება ითქვას, რომ რისკების და შესაძლებლობების შეფასება საკანონმდებლო ინიციატივების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევას. თუმცა, როგორც პანელისტი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ამ პროცესში მოწევასა და ნიკოტინს შორის არსებული განსხვავებების დანახვა.
“შემუშავებულ რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ საჭიროა მოხდეს ელ. სიგარეტების თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით რეგულირება, თუმცა, ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ზიანის შემცირების სტრატეგია ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციაში იყოს გათვალისწინებული”, - ამბობს სტეფან ჰენდრიქსი.
როგორც პანელისტი აღნიშნავს, ელ. სიგარეტებთან დაკავშირებით მიღწეული კონსენსუსი არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული ავტორი სრულად იზიარებს ტექსტში გამოთქმულ შეხედულებებს. თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობისათვის, საჭიროა ელ. სიგარეტების შესაძლებლობების გათვალისწინება.
“ჩვენ, როგორც ჯანდაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია, თითქოს ორ ცეცხლ შუა ვართ - ერთი მხრივ, მხარს ვუჭერთ თამბაქოს კონტროლს, მეორე მხრივ კი გვესმის თამბაქოს ზიანის შემცირების მნიშვნელობა”, - აღნიშნავს სტეფან ჰენდრიქსი.
მისი თქმით, თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებასთან სწორ კომუნიკაციას. მაგალითად, ბელგიაში მწეველთა მხოლოდ 36%-მა იცის, რომ ელ. სიგარეტები ტრადიციულ თამბაქოსთან შედარებით ნაკლები ზიანის შემცველია. უფრო მეტიც, ამის შესახებ ინფორმაცია არც პროფესიონალებს გააჩნია.
სწორედ ამიტომ, თამბაქოს პანდემიასთან გამკლავების პროცესში საჭიროა არა მხოლოდ გონივრული საკანონმდებლო ინიციატივების დანერგვა, არამედ, სანდო, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.




























