მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. WHO-ს ანგარიშის თანახმად, თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირებული დაავადებებით ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება.
სახელმწიფოები თამბაქოს მოხმარებას რამდენიმე ძირითადი არხით უპირისპირდებიან, მათ შორის, პირველია მოწევის ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება; რეკლამირების შეზღუდვა და საგადასახადო/სააქციზო პოლიტიკა. გლობალურად არსებული პრაქტიკები აჩვენებენ, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ნერგავს დიფერენცირებულ საგადასახადო მიდგომებს, რაც გულისხმობს პროდუქტის ზიანის დონის პროპორციულად დაბეგვრას.
თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ არსებობს სამეცნიერო არგუმენტებზე დაფუძნებული პროფესიული დასკვნები. სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული რეგულაციები სწორედ აღნიშნული ალტერნატივების დიფერენცირებულ დაბეგვრას ეხება რისკის პროპორციულად.
რისკის პროპორციული რეგულირება ასახულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგადასახადო პოლიტიკაში, სადაც წვის გარეშე (მაგ. გასახურებელი თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი) თამბაქოს პროდუქტების დაბეგვრა წვადი სიგარეტების დაბეგვრის სისტემისგან დიფერენცირებულია, კერძოდ, უფრო დაბალი საგადასახადო განაკვეთია გათვალისწინებული.
საქართველოში კი ტრადიციულ თამბაქოსა და თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებზე თანაბარი სააქციზო განაკვეთი მოქმედებს. მეტიც, პარლამენტმა ახლახანს დააინიცირა კანონპროექტი, რომლითაც თუთუნზე აქციზური განაკვეთი განახევრდება. ტრადიციული სიგარეტების ერთ შეკვრაზე დაწესებული გადასახადი 1.7 ლარს შეადგენს, თამბაქოს გასახურებელ პროდუქტებზეც დაწესებული გადასახადი ყოველ 20 ღერზე 1.7 ლარია. გარდა ფიქსირებული აქციზის გადასახადისა, თამბაქოს პროდუქტებზე საქართველოში დაწესებულია ადვალური გადასახადი, საცალო სარეალიზაციო ფასის 30% ოდენობით. აღნიშნული ფისკალური პოლიტიკა მიანიშნებს იმაზე, რომ საკანონმდებლო ორგანო არ ითვალისწინებს წვის გარეშე თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების რისკის პროპორციულად დაბეგვრის პოლიტიკას.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ რისკის პროპორციული დაბეგვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებობს, თუმცა ის ძირითადად ალკოჰოლიანი სასმელების მიმართულებითაა, რადგანაც სააქციზო განაკვეთი ალკოჰოლურ სასმელებზე კონკრეტულ სასმელში სპირტის შემცველობის დონესთან არის მიბმული. მაგალითად, ერთი ლიტრი ლუდისთვის ალკოჰოლის თითოეული პროცენტი, რომელსაც ის შეიცავს 12 თეთრზე მრავლდება, ანუ 5%-ის ალკოჰოლის შემცველი ლუდი ლიტრზე 60 თეთრით იბეგრება. ხოლო მაღალალკოჰოლურ სასმელებში განაკვეთი გაცილებით მაღალია და სპირტის შემცველობის ყოველ ლიტრზე 22.5 ლარს შეადგენს.
დიფერენცირებულია დაბეგვრა ავტომობილების განბაჟების შემთხვევაშიც, მაგალითად, ელექტრომობილებისთვის აქციზი საერთოდ არ მოქმედებს, ხოლო ჰიბრიდებისთვის ჩვეულებრივ შიგა წვის ავტომობილებთან შედარებით უფრო დაბალი განაკვეთებია. შესაბამისად, საქართველოში არსებობს დაბეგვრის დიფერენცირებული მიდგომა, თუმცა ის ბოლომდე არ არის ასახული თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებთან მიმართებით.