ეს არის ჩვენი პოლიტიკა - ცოტას ვიღებთ გადასახადების სახით, ბევრს ვხარჯავთ სოციალურ ნაწილში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი დაინტერესდა, ვართ თუ არა სოციალისტური ქვეყანა.
„გადასახადების აკრეფის ნაწილში ჩვენ ვართ უკიდურესად მემარჯვენეები, ძალიან ცოტა გადასახადი იკრიფება ჩვენს ქვეყანაში, ხოლო ხარჯების ნაწილში სოციალისტურს არ დავარქმევდი, თუმცა მკვეთრად სოციალურად ორიენტირებული, ამიტომ ჩვენც გვაქვს მცირე ეკლექტიკა იდეოლოგიაში. სინამდვილეში ეს არის ჩვენი პოლიტიკა - ცოტას ვიღებთ გადასახადების სახით, ბევრს ვხარჯავთ სოციალურ ნაწილში.
ჩემთვის აბსოლუტურად პირობითია ხისტი ზღვრის გავლება მემარჯვენე და მემარცხენე იდეოლოგიებს შორის, ამიტომ განსაკუთრებულ აქცენტს არ გავაკეთებდი იმაზე საუბარზე, თუ რომელ იდეოლოგიას განეკუთვნება „ქართული ოცნება“. თუმცა წესდებით ჩვენ ვართ მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტია“, - განაცხადა კობახიძემ.