ადგილობრივი მწარმოებლების ნაწილი აცხადებს, რომ რითეილ სექტორთან ურთიერთობისას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიწოდებულ პროდუქციაზე ანგარიშსწორების ვადები რჩება.
როგორც BMG-სთან ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია "აჩინებულის” დამფუძნებელი აცხადებს, რეალიზებული პროდუქციის სანაცვლოდ სავაჭრო ქსელების მხრიდან დადგენილი ანაზღაურების ვადები 45 დღიდან 90 დღემდე მერყეობს.
მისი თქმით, გადახდის მსგავსი ვადები საბოლოოდ მიმწოდებლებს საბრუნავი საშუალებების დეფიციტის წინაშე აყენებს, რის გამოც სექტორს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება უწევს.
გოჩა ღვინეფაძის თქმით, აუცილებელია კანონმდებლობის დონეზე გადახდის ვადების რეგულირება და მათი შემცირება მოხდეს, თუმცა მისი თქმით, ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული.
“ქსელურ მარკეტებში გადახდის პირობები ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება იმ კუთხით, რომ საქართველოს ბანკებში ყველამ იცით როგორი მაღალი პროცენტებია. დღეს ეს პროცენტი უკვე 15%-ია. როდესაც გადახდა ხდება 60 დღის შემდეგ და ისიც ხდება გაყიდული რეალიზებული პროდუქციიდან, წარმოიდგინეთ, რომ ორი-სამი თვის პროცენტის გადახდა გვიწევს და ჩვენ ამ საბრუნავ კაპიტალს შემდგომში უკვე მოვიპოვებთ ბანკებიდან. რიგი ქსელების მიერ გადახდის ვადა დაწესებულია 45 დღე, ეს მინიმალურია, არის 60-90 დღეც.
რაღაც ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ, რომ გადახდის ვადები გარკვეული დღეების რაოდენობით შემცირდეს. რადგან ეს კონტრაქტები ასიმეტრიულია და გადამწყვეტი ძალა ქართული წარმოების შემთხვევაში ქსელურ მარკეტებს აქვთ, მაინც საბოლოო ჯამში გვიწევს მათ პირობებზე დათანხმება. ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს, რომ არც ქსელური მარკეტები დაზარალდეს და არც ჩვენ დავზარალდეთ. გასაგებია, რომ 2 კვირიანი ვადა ქსელებს არ ეყოფათ, მაგრამ ისიც არ შეიძლება, რომ ჩვენ გვიწევდეს იმის რესურსის მოძიება, რომ სავაჭრო ობიექტებმა განავითარონ თავიანთი ქსელები”, - განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.




























