მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიტეილის საგადასახადო წესებზე ლეგიტიმური კითხვები გვაქვს - პრემიერი სურსათის ფასების რეგულირებაზე

63f34d75d86f8
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.23 14:45
877
განსაზღვრული ფასნამატები და მარჟები იმპორტიორებისთვის და განსაზღვრული წესები რიტეილისთვის - ასეთია სურსათის ფასების დარეგულირების გეგმა, რომელზეც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ევროდირექტივების შესაბამისი კანონპროექტის მომზადება დაავალა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა დღეს გამართული მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, იმპორტიორებთან და რიტეილის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ლეგიტიმური კითხვები სწორედ რიტეილის დარგის მიმართ გაჩნდა, რადგან, მან ისეთი საგადასახადო წესები აქვთ, რომელიც ევროპაში აპრობირებული არ არის.

„სურსათის ფასებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა როგორც იმპორტიორებთან, ასევე რითეილის დიდ ქსელების მფლობელებთან. გამოდის, რომ ის ინფორმაცია რაც მე გავაჟღერე, ჯამურად სურსათზე ფასნამატი 70-80%-ია, რიგ შემთხვევაში 100%-ით გაზრდილია და ეს მიუღებელია. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა როგორ დარეგულირდეს ეს საკითხი, ჩვენ მოვისმინეთ იმპორტიორების განმარტებები, რომ მათი 60-80% მათი მოგება არ არის, არამედ ეს დამოკიდებულია რიტეილის დიდი ქსელების ერთგვარ წესებზე, რომელიც მათ მიერ არის განსაზღვრული. სწორედ ამ წესებთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული ლეგიტიმური კითხვები. ეს წესები არ არის აპრობირებული და ეს წესები ევროპაში არ მოქმედებს; ეს საკითხები ევროპის ქვეყნებში დარეგულირებულია; ამიტომ ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს კანონპროექტს, რომელიც სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივას შეეხება. ჩვენ პარალელურად მუშაობას გავაგრძელებთ იმპორტიორებთან და დიდი ქსელების წარმომადგენლებთან და გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტთან. იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს, რომ ეს ევროდირექტივა და წესებიც ჩვენც შემოვიღოთ. სხვანაირად ჩვენი მხრიდან ხელოვნური ჩარევა უხეში იქნება, ამიტომ მოვნახეთ ის პრაქტიკა, რომელიც ევროპამ გაიარა და ჩვენს ქვეყანაში უნდა გადმოვიტანოთ.

ამით დაწესდება სამართლიანი წესები. იმპორტიორებს ექნებათ გარკვეული მარჟები და ფასნამატები და ასევე რიტეილს თავისი განსაზღვრული წესები ექნება. ეს არის გამოსავალი, რაც ორკვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წამლების ფასების შემცირების შემდეგ სურსათის ფასების შემცირება ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელს დაგეგმილ დონემდე შეამცირებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასების შემცირება, არაგონივრული მარჟებით არ უნდა იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები, ეს ჩვენს მოსახლეობასა და ხალხზე აისახება.

ინფლაციას რაც შეეხება, გასული თვის ინფლაცია 9.4% იყო და აქედან 6.4% სურსათის ფასები იყო. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორც კი ეს საკითხები დარეგულირდება, ინფლაცია ჩვენ მიერ განსაზღვრულ ნიშნულზე ჩამოვა წლის განმავლობაში - 5%-ზე და საბოლოო ჯამში ეს სიკეთე აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯიბესა და შემოსავლებზე.

სხვა შემთხვევაში გამოსავალი არ ჩანს, არ მინდა ვინმეს გავუჩინოთ განცდა, რომ მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში უხეშად ერევა, ეს ჩვენი წესი, ხელწერა და პრაქტიკა არ არის. ჩვენ ისევე როგორც წამლების შემთხვევაში დავარეგულირეთ და ფასები ჩამოვწიეთ 60-80%-ით, შემოვიტანეთ ასევე ევროპული პრაქტიკა რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით, ასეთივე ევროდირექტივების შემოღება გადავწყვიტეთ. იმედი გვაქვს, ფასები მალე დაიწყებს კლებას“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები