მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რითი ხსნის განათლების სამინისტრო ობსერვატორიის მის დაქვემდებარებაში გადასვლას? - განმარტება

5d95c4afa7d60
ელენე გოგბერაშვილი
03.10.19 17:00
1260

მთავრობის დადგენილებით, აბასთუმნის ობსერვატორია მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან ილიაუნის ჩამოერთმევა და განათლების სამინისტროს სსიპ-ად ჩამოყალიბდება.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, უწყება მუშაობს უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევების ერთიან კლასტერულ პოლიტიკაზე. ერთ-ერთი ასეთი კლასტერი სწორედ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბაზაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება.

„აბასთუმნის ობსერვატორია კლასტერის შესაქმნელად საუკეთესო სივრცეა, რადგან ამ დაწესებულებაში არსებობს ხანგრძლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება, საერთაშორისო ცნობადობა და განვითარების მზარდი პოტენციალი.

ფინანსური და სხვადასხვა რესურსის გაძლიერებით, ობსერვატორია ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

ობსერვატორიის ბაზაზე განხორციელდება კლასტერული ქსელის ფორმირება და შესაბამისად, თანაბარი ხელმისაწვდომობა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. განხორციელდება დაწესებულების ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, აღჭურვილობის განახლება, კვლევით პროცესებში ჩართული პერსონალის პირობების გაუმჯობესება და სხვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის საფუძველზე იქნა მიღებული“, - განმარტავენ უწყებაში.

აბასთუმნის ობსერვატორია სახელმწიფო ბალანსზეა და ის ილიაუნის სარგებლობაში 2007 წლიდან იყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები