მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რიყის დოქები“ გაიაფდა - მეოთხე მცდელობაზე სახელმწიფო ობიექტს 47.5 მლნ ლარად ყიდის

608bcd19ecc8c
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.21 13:51
4161
სახელმწიფომ „რიყის დოქები“ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროგრამის ფარგლებში აუქციონზე საპრივატიზაციოდ მეოთხედ, თუმცა ამჯერად შემცირებული ფასით გამოიტანა.

14 591.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობას ქონების ეროვნული სააგენტო ამჯერად 47.5 მლნ ლარად ყიდის.

აღსანიშნავია, რომ „რიყის დოქებს“ სახელმწიფო გასულ წელს გამოცხადებულ აუქციონზე 95 მლნ ლარად ყიდდა, მეორე აუქციონზე, რომელიც მიმდინარე წლის 5 მარტს დასრულდა, ქონების ღირებულება 71.2 მლნ ლარი იყო, ამავე ფასად “რიყის დოქები“ მიმდინარე წლის გახანგრძლივებული აუქციონის ფარგლებშიც ვერ გაიყიდა. ამის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „რიყის დოქების“ საბაზრო ღირებულება განისაზღვრება და ეს ობიექტი აუცილებლად დაიტვირთება. „რიყის დოქებიც არ დარჩება გაუსხვისებელი“, - თქვა მინისტრმა.

„რიყის დოქების“ გასხვისების მიზნით ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონი გუშინ გამოაცხადა. ობიექტის შეძენის მსურველებს ვადა 17 მაისამდე აქვთ. პირობიანი აუქციონის მიხედვით, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარეობს, შესაბამისად, ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს.

ამასთან, კერძო პირმა, ვინც საპრივატიზაციო ობიექტს შეიძენს, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), საგამოფენო სივრცე(ებ)/დარბაზ(ებ)) ან/და სასტუმრო) უნდა შექმნას და შესაბამისი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება და კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება უნდა უზრუნველყოს, რაზეც არანაკლებ 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები