ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოების რეფომირების სტრატეგიის პროექტის თანახმად, რეფორმირების პროცესი სამ მსხვილ კომპანიაში დაიწყება - საუბარია “საქართველოს რკინიგზაზე”, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაზე”. ანალოგიური სახის ცვლილებები უკვე მიმდინარეობს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში", რაც კომპანიის მართვის კორპორატიზაციას გულისხმობს. კომპანიების რეფორმირების პროცესი 2023 წლიდან დაიწყება.
რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესი მთავრობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მის შედეგად ეს კომპანიები მომგებიანი უნდა გახდნენ.
“შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ყველაზე დიდი ფისკალური რეფორმაა ბოლო პერიოდში. მისი ძირითადი მიზანია სახელმწიფო საწარმოები გახდნენ ფინანსურად მდგრადი, მომგებიანი და შეეძლოთ საკუთარი საჭიროებების დაფინანსება ბიუჯეტის მხარდაჭერის გარეშე, და პირიქით, დივიდენდებს იხდიდნენ ბიუჯეტში
ამისთვის დამტკიცდა კორპორაციული მართვის კოდექსი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში დაინიშნა პროფესიული ნიშნით შერჩეული დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო, ასევე მომზადდა რეფორმის სტრატეგია,” - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა
ფინანსთა მინისტრის თქმით, უახლოეს კვირებში დამტკიცდება რეფორმის სტრატეგია და აგრეთვე, შემუშავდება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები.
გასულ წელს სახელმწიფო საწარმოები ზარალის ნაცვლად, ჯამურად 376 მილიონი ლარის წმინდა მოგებაზე გავიდნენ. 2022 წლის 9 თვეში კი საქართველოს რკინიგზის მოგებამ 278 მილიონი ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, სახელმწიფო საწარმოების სექტორი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ზარალზე იყო. მაგალითად, 2020 წელს მათი ზარალი 756 მილიონი ლარი იყო, 2019 წელს 53 მილიონი ლარი, 2018 წელს კი 710 მილიონი ლარი.




























